ბლოგი

გიორგი ლეონიძის კახეთი

ვიწყებთ რუბრიკას ცნობილი კახელები. მოგვწერეთ შთაბეჭდილებები და რჩევები

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წლის 27 დეკემბერს კახეთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში. პოეტის მამა ნიკოლოზ ლეონიძე, დედა სოფიო გულისაშვილი.ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული

საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ნიკო ლეონიძე სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იგი ადრე გარდაიცვალა, გიორგი ლეონიძე მაშინ ორი წლისაც არ იყო.ხუთი შვილის აღზრდა დედას დააწვა მხრებზე. დედა პოეტისა გახლდათ სოფიო გულისაშვილი. იგი მშობლიური ენისა და ლიტერატურის, ისტორიის, ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნე ყოფილა.ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. დედა საათობით უამბობდა მიმზიდველ ამბებს საქართველოს ისტორიიდან, აცნობდა ქართულ ლექსებს, მოთხრობებს, ზღაპრებს… გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც.1907-1918 წლებში გიორგი ლეონიძე განათლებას იღებდა ჯერ სასულიერო სასწავლებელში, შემდგომში კი სასულიერო სემინარიაში.1916 წელს გიორგი ლეონიძემ დააარსა ლიტერატურული ალმანახი „საფირონი“, ხოლო 1922 წლიდან ყოველკვირეული გაზეთი „ბახტრიონი“.

1918 წლიდან გიორგი ლეონიძე დაუახლოვდა ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფს – „ცისფერყანწელებს“ და ერთხანს ამ ორგანიზაციის აქტიური წევრიც იყო.

1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა.

გიორგი ლეონიძის თაოსნობით 1931 წელს დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა. გ. ლეონიძე წლების მანძილზე მუშაობდა ამ მუზეუმის დირექტორად.

1950-54 წლებში გ. ლეონიძე მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მდივნად, 1958-66 წლებში კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად. 1944 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად. გამოქვეყნდა მისი მოთხრობების წიგნი „ნატვრის ხე“, სადაც პოეტის ბავშვობისდროინდელი მოგონებები და შთაბეჭდილებებია გადმოცემული.

გიორგი ლეონიძე გარდაიცვალა 1966 წლის 9 აგვისტოს. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close