ბლოგიდღის ამბებიზურაბ ჭიაბერაშვილის ბლოგიინტერვიუუცნობი პორტრეტები

როგორ ამოვიცნოთ კაგებეს აგენტი საკუთარ თავში

ზურაბ ჭიაბერაშვილის ბლოგი

ეს სტატია გაზეთ “რეზონანსში” 2001 წლის 15 იანვარს გამოვაქვეყნე. მას შემდეგ 18 წელი გავიდა.ზოგიერთი დეტალი მკითხველს შეიძლება მოძველებული ეჩვენოს, მაგრამ ზოგიერთის აქტუალობა დღესაც არ გამქრალა.რა თქმა უნდა, მკითხველთა შორის იქნებიან ისეთებიც, რომლებიც დამანამუსებენ, განა შენი მთავრობა ასე და ასე არ ამბობდა ან ასე და ასე არ იქცეოდაო? ამ წერილის ხელახლა დაბეჭდვის მიზანი არაა რომელიმე მთავრობის ქილიკი, თუმცა ედუარდ შევარდნაძის დროინდელი მთავრობის კრიტიკა ამ წერილში ნამდვილად არის. წერილის მიზანი მხოლოდ ისაა, საკუთარ თავში დავინახოთ ის სტერეოტიპები, რაც, როგორც მოქალაქეებს და როგორც საზოგადოებას, წინსვლაში შეიძლება ხელს გვიშლიდეს.

_______________________________________________________________________________

რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის ზრდის პარალელურად კავკასიის ამ პატარა ქვეყანაში სტალინის ძეგლების მომრავლებამ ბუნებრივად დაბადა აზრი, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ჩვენსავე ქვეყანაში საკმარისი დასაყრდენი ჰყავს. რაც უნდა გულმოდგინებით ვეძებოთ კატა ბნელ ოთახში, იგი მაინც მოუხელთებელი დარჩება, თუ არ გავაცნობიერეთ, რომ ძალიან ხშირად ჩვენვე ვასრულებთ იმ როლს, რასაც ყველაზე გამოცდილი რეზიდენტიც კი ვერ შეასრულებდა. მიზეზი ძვალსა და რბილში გამჯდარი “საბჭოთა ცნობიერებაა” თავისი “რუსული არგუმენტებით”, რომლებიც დღესაც არ კარგავენ ძალას.

ჩემი მიზანი სწორედ რუსული პროპაგანდის მიერ დანერგილი სტერეოტიპების კლასიფიკაცია და ანალიზია. არ არსებობს ჩვენი საზოგადოების ერთი წევრი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მოეყვანოს ქვემოთჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი “რუსული არგუმენტი”. ამიტომ ვიდრე გარშემო მიმოვიხედავდეთ, ჯერ ის გავაცნობიეროთ, თავად თითოეული ჩვენგანი რამდენად ვართ თავისუფალი ამ სტერეოტიპებისაგან.

უკვე აქ უნდა გავაკეთოთ ერთი ძირითადი აღნიშვნა: ზოგიერთი სტერეოტიპი (მათ შორის, პირველ რიგში, ერთმორწმუნეობის) გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი შეიქმნებოდა. მაგრამ ამჟამად ჩვენ თითოეული მათგანის გენეზისი კი არ გვაინტერესებს, არამედ ის, რამდენად ახდენს იგი გავლენას ჩვენს ცნობიერებაზე და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ის, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაზე ახდენს გავლენას, მხოლოდ პოლიტიკურ ფაქტებში არ გამოიხატება. “რუსული ჩამრთველი გაქვთ?”, “მოსკოვის შოკოლადი მაინც სხვა იყო”, “ჩვენს გზებზე 07 ჯობია” – გაიხსენეთ ეს ყოველდღიური ფრაზები და მიხვდებით, რატომ უნდა ენერგეტიკის მინისტრს მაინდამაინც რუსული გაზით საქართველოს მომარაგება.

სტეროტიპი 1: ერთმორწმუნეობა

პირველი, ვინც “ერთმორწმუნეობის სტერეოტიპის” წინააღმდეგ გაილაშქრა, ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო: “სახელმწიფოსა ერთობა სჯულის არარას არგებს, ოდეს მის შორის თვისება ერთა სხვადასხვაობდეს.” თუ ვინმეს ეყოფა იმის გამბედაობა, რომ რუსი და ქართველი ერების “თვისებათა სხვადასხვაობა” უგულვებელყოს, ამ სტატიის კითხვას ნუღარ გააგრძელებს.

როდესაც შატილს ბომბავს ან გაზს გვიკეტავს, რატომღაც რუსეთს არ ახსენდება, რომ ჩვენც მართლმადიდებლები ვართ. იმ რუსოფილებმა კი, რომლებიც ამ სტერეოტიპს მაინც იშველიებენ, გაიხსენონ, რომ სერბიის დაქცევა დიდწილად რუსეთთან ერთმორწმუნეობის მითზე დამყარებულმა პოლიტიკამ განაპირობა.

სტერეოტიპი 2: რუსული კულტურა

საქართველო გარდამავალ ეტაპზე მხოლოდ იმიტომ არ იმყოფება, რომ დასახვეწია კანონმდებლობა ან გასატარებელია რეფორმა ამა თუ იმ სფეროში. ეტაპის “გარდამავლობა” გამოიხატება იმაშიც, რომ ამ ქვეყნის მცხოვრებდა უმეტესი ნაწილი ნელ-ნელა წყდება მხოლოდ რუსულ წიგნს, ტელევიზიას, ესტრადას. შორს არ არის ის დრო, როცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ალა პუგაჩოვას მასპინძლობა მხოლოდ უსიამო მოგონებადღა დარჩება.

რაც შეეხება დოსტოევსკისა და ტოლსტოის, ალბათ, დადგება დღე, როდესაც ქართველები მათ ინგლისურ, ფრანგულ ან გერმანულ თარგმანში წაიკითხავენ და ამით არც არაფერი დაშავდება. უნდა გავიხსენოთ, რომ ჩვენ შექსპირი, ბალზაკი ან ჰესე რუსულ თარგმანში გვაქვს წაკითხული.

რუსული კულტურის განსაკუთრებულობისა და ქართველთა მასთან განსაკუთრებულად ზიარების სტერეოტიპი ასაზრდოებს ორი – კარგი და ცუდი – რუსეთის მითს. თითქოსდა რუსი პოლიტიკოსები ცუდ რუსეთს განასახიერებენ, ხოლო რუსული კულტურის წარმომადგენლები – კარგს. გაიხსნეთ ჩეჩნეთის ვანდალური აქციის მხარდაჭერა მთელი რუსული საზოგადოების მიერ და მიხვდებით, რომ რუსეთის პოლიტიკას იდეურად სწორედ ჩვენთვის ასე “ახლობელი” კულტურა ასაზრდოებს.

სტერეოტიპი 3: თანამედროვე ქართული კულტურა (განსაკუთრებით, კინო) საბჭოთა პერიოდში (ანუ რუსული კოლონიალიზმის) პირობებში შეიქმნა

ამ სტერეოტიპს ერთი შესანიშნავი ადამიანის, რუსი ებრაელი ემიგრანტის, მატვეი მალის იგავით ვუპასუხებ. მისი თქმით, საბჭოების არგუმენტი, თითქოს 70 წლის განმავლობაში კავის რუსეთი ატომურ რუსეთად იქცა (რაც საფუძვლებში იმას იმეორებს, რომ თანამედროვე ქართული კულტურა რუსული კოლონიალიზმის პირობებში შეიქმნა), შემდეგ სიტუაციას ჰგავს: ვთქვათ, გამოგვეკიდა იარაღიანი ხალხი და ჩვენ ტყეში შევასწარით; სანამ ისინი (70 წლის განმავლობაში) ტყის პირას გვდარაჯობდნენ, ჩვენ რომ ხის ქერქისგან ქოხის აგება და კენკროვანებისაგან საჭმლის მომზადება ვისწავლოთ და მერე, როცა ეს იარაღიანი მდევარი გაგვეცლება, ის ვიძახოთ, მაგათმა გაიხარონ, ეგენი რომ არა, ხომ ვერც ქოხის აგებას ვისწავლიდით და ვერც კენკროვანებისაგან საჭმლის მომზადებასო. იქნებ ტყის გარეთ სრა-სასახლეებს ვაშენებდი?

რატომ გვგონია, რომ რუსეთის გარეშე საქართველოში არაფერი შეიქმნებოდა?

ხელოვნებამდე ჯერ თავისუფლების კულტურის ათვისებაა საჭირო და ვიდრე შექსპირი ეყოლებოდათ, ინგლისელებმა 3 საუკუნით ადრე “მაგნა კარტა” მისცეს მსოფლიოს. ჩვენში რუსთაველის გაჩენას ქვეყნის თავისუფლებაში ყოფნის გრძელი პერიოდი და მართლაც რამდენიმესაუკუნოვანი ძალისხმევა უძღოდა წინ.

სტერეოტიპი 4: ჩვენ მაინც აზიელები ვართ

იმის გამო, რომ კავკასიიდან თავისი ფეხის ამოკვეთის გარდუვალობას გრძნობს, ახლა რუსეთი საკუთარ უპირატესობის დამტკიცებას კი აღარ ცდილობს, არამედ იმის ხაზგასმას, რომ საქართველოს საერთო იმ სივრცესთან, რომლისკენაც მიისწრაფვის, არაფერი აქვს. ფრაზა, რომ “ჩვენ მაინც აზიელები ვართ”, რუსული სტერეოტიპების შემადგენელი ნაწილია. ჩვენი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი აზიური ავტორიტარიზმის სათავეები სწორედ ამ ფრაზიდან იღებს სათავეს. დღევანდელი დღით ცხოვრება “აზიური” მენტალიტეტის საერთო თვისებაა.

რაც შეეხება დანიელს ან შვედს, იგი მხოლოდ დღევანდელი დღით ვერ იცხოვრებს, რადგან ჩრდილოური ჰავა ხვალინდელ ზამთარზე ფიქრსაც გაიძულებს. ჩვენი მთავრობისათვის კი ზამთარი ყოველთვის “მოულოდნელად” დგება, თანაც იმდენად “მოულოდნელად”, რომ მომზადებას ვერასდროს ვასწრებთ.

სტერეოტიპი 5: ნეიტრალიტეტი გეოპოლიტიკაში

შემთხვევითი არაა, რომ ამ იდეის მომხრეებად გვევლინებიან თენგიზ კიტოვანი ანდა ჯაბა იოსელიანი. არგუმენტი, რომ რუსეთის ბაზები გავიდეს, მაგრამ ნატო-ს ჯარები ნუ შემოვლენ, ისევ და ისევ მოსკოვური რიტორიკის ნაწილია. გავიხსენოთ, რუსეთმა რა ადვილად გაიყვანა ჯარები ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან, მაგრამ რა გააფრთებით ეწინააღმდეგებოდა პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

თუ პანტელეიმონ გიორგაძის მოთხოვნა – “რუსებო! ნუ გაიყვანთ ბაზებს საქართველოდან!” – საკმაოდ შეთხელებულ სტალინურ თაობაზეა გათვლილი, ნეიტრალიტეტის იდეა უფრო ფართო საზოგადოებაში იდეოლოგიური არევ-დარევის შეტანას ისახავს მიზნად.

რაც შეეხება შვეიცარიას, ჯერ შვეიცარიის მსაგვსად მოვაწყოთ ქვეყანა და მერე ვიფიქროთ ნეიტრალიტეტზე, თუ ამის თავი და საშუალება გვექნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმედი, რომ რუსეთი ჩვენთან ნეიტრალიტეტის პირობებს დაიცავს, დღეს არადამაჯერებელი ჩანს.

სტერეოტიპი 6: ამერიკაც ისეთივე იმპერიაა, როგორც რუსეთი

ამ სტერეოტიპში ყველაზე კარგად ჩანს ყველა დანარჩენი სტერეოტიპის მაცოცხლებელი ელემენტი – გაუნათლებლობა. ასეთი არგუმენტებით როცა მსჯელობ, ან 1215 წლის ინგლისური “მაგნა კარტა” უნდა გაითვალისწინო, ან 1689 წლის “უფლებათა ბილი”, ან 1776 წლის ამერიკის დამოუკიდებლობის დკელარაცია, ანდა 1789 წლის საფრანგეთის ადამიანის უფლებათა დეკლარაცია.

დასავლური აზროვნების ტრადიციას არაფერი საერთო აქვს რუსულ ტოტალიტარულ აზროვნებასთან. დასავლეთში ადამიანის ღირსება უკვე იყო თავისთავადი ფასეულობა თითოეული ქვეყნის შიგნით, სანამ იგი საერთაშორისო საზოგადოებრიობის დაცვის საგანი გახდებოდა. რუსეთს, პირიქით, მხოლოდ საერთაშორისო ვალდებულებები აიძულებს დღესაც, რომ თავის შიგნით ადამიანის ღირსებას და თავისუფლებას პატივი სცეს.

ამერიკის “იმპერიულობა” მდგომარეობს რუსეთის, სერბიის, საქართველოს ან ერაყის მსაგვსი ქვეყნების მთავრობებისათვის ადამიანის უფლებების დაცვის იძულებაში. თუ ვინმეს სურს, რომ პოლიცია, დაცვის ნაცვლად, დღეინიადაგ საფრთხეს უქმნიდეს თითოეულ მოქალაქეს, კი ბატონო, იყოს ამერიკა იმპერია, ხოლო დასავლური კულტურა (გაგებული, როგორც ჰოლივუდური პორნოგრაფია) ჩვენი გადამგვარებელი.

საინტერესოა, რომ ჰოლანდიელს ან დანიელს არ ეშინიათ, რომ გერმანია ან საფრანგეთი გადააგვარებთ. მხოლოდ მას, ვინც შიგნიდან ცარიელია, შეიძლება ეშინოდეს, რომ ვინმე ან რაიმე გადააგვარებს. ილიას განდეგილის ტრაგედიის მიზეზად მის შიგნით არსებული ბზარი იქცა და არა მწყემსი ქალის მშვენიერება.

სტერეოტიპი 7: თურქეთი ჩაგვყლაპავს

დასავლურ კულტურას დადებითი ელემენტებიც ახლავს თან და თანაც ჩვენი წარსული ევროპისაკენ სწრაფვის ტენდენციასაც ადასტურებს. ამიტომ შექმნა დასავლეთისაგან მტრის ხატი, ცოტა არ იყოს, ძნელია. თუ მაინც და მაინც სჭარბობს კაგებეური ელემენტი, შეგიძლია ამტკიცო, რომ “გევასება ბებერი განათლებელი ევროპა და გეზიზღება ინდიელების რეზერვაციაში დამმწყვდევი, ბანდიტთა შთამომავალი იანკები”.

აი თურქეთისაგან მტრის ხატის შექმნისათვის კი ბევრი არაფერია საჭირო: ამისათვის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოც საკმარისია. ხოლო თუ მოსაუბრისაგან მოისმენთ იმას, რომ 30-50 წლის მერე თურქეთი, ჩრდილოეთ კავკასია, აზერბაიჯანი, ირანი (სადაც ხელისუფლებაში წმინდა სისხლის სპარსები თურქმენული წარმოშობის მოქალაქეებთან შედარებით თურმე ცოტანი არიან) და შუა აზია ერთად შექმნის საერთო თურქულ სახელმწიფოს და ჩაყლაპავს სომხეთსა და საქართველოს, თქვენ მართლაც წმინდა სისხლის კაგებეშნიკთან გაქვთ საქმე.

ასეთ არგუმენტაციაზე რომ მხოლოდ გაგეღიმოს, ან ირან-აზერბაჯანის დაპირისპირებაზე, ან თურქეთის პროევროპულ ორიენტაციაზე ან, ბოლოსდაბოლოს, საერთაშორისო სამართალზე უნდა გსმენოდეს რამე.

საინტერესოა, როცა თურქეთი სანაპირო დაცვის კატარღას გვჩუქნის, იმ კატარღის თურქ კაპიტანს თუ აქვს გაცნობიერებული, რომ პირი მადიანად უნდა გააღოს?

სტერეოტიპი 8: მუსლიმი ჩეჩნები და ქრისტიანი ქართველები

აფხაზეთში ომის გაჩაღებით რუსეთმა მხოლოდ საკუთარ ძმებს კი არ გადაკვკიდა და ტერიტორიული მთლიანობა კი არ დაგვირღვია, არამედ ჩვენში რამდენიმე ისტორიული სტერეოტიპიც გააცოცხლა. საინტერესოა, რომ ჩეჩნეთის ომის ამსახველმა საშინელმა კადრებმაც კი ვერ აღძრა ზოგიერთ ქრისტიან გართველში ელემენტარული ადამიანური სიბრალული. ხოლო ის ფაქტი, რომ შიდაკავკასიური დაპირისპირება რუსეთის პროვოცირებულია და მის სასარგებლოდ მოქმედებს, ზოგჯერ მაინც არ არის საკმარისი, რომ კაგებეური აზროვნებისაგან განვთავისუფლდეთ.

სტერეოტიპი 9: სომეხი – ჩვენი მთავარი მტერი

ის რაც უკვე ითქვა ჩეჩნებზე, მით უმეტეს ძალაშია მაშინ, როცა ქართულ-სომხურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ. ლამისაა საქართველოში მცხოვრებ ყოველ სომეხს აქვს კომპლექსი, რომ ქართველი მასში პოტენციურ მოღალატეს ხედავს. რატომღაც რუსული იმპერიალისტური პოლიტიკით ნაკვებ ამ სტერეოტიპსაც ადვილად ვემორჩილებით და გვავიწყდება, რომ “შეძახილით ხეს ვახმობთ”. თუ სომეხში (ან ნებიმიერ სხვა ეროვნებაში) რაიმე მუხანათურს ვხედავთ, ამას მის ბუნებრივ მდგომარეობად ვთვლით და არ ვუფიქრდებით, რომ სომეხის მხრიდან ყოველგვარ არასასურველ განწყობას (თუ ასეთი არსებობს), პირველ რიგში, ჩვენი მისდამი უნდობლობა კვებავს.

მუდმივად იმის ძახილი, რომ ჯავახეთში რაღაც მოხდება, მხოლოდ იმაზეა გათვლილი, რომ ახალქალაქიდან რუსეთის ბაზა არ გავიდეს.

სტერეოტიპი 10: საქართველო იტანჯება

თუ რიგითი ქართველის ყოველდღიურ მეტყველებას ჩავუკვირდებით, მისი პატრიოტიზმი მხოლოდ წუხილში – “საქართველო იტანჯება” – გამოიხატება. ეს რუსული იმპერიული აზროვნების გაგრძელებაა, რომ აბსტრაქტულად ვზრუნავთ ქვეყანაზე და არა თითოეულ პიროვნებაზე. მოგეხსენებათ, დღესაც რუსული სამხედრო მანქანა თითოეულ რუს ადამიანს საზარბაზნე ხორცად განიხილავს და არა თავისთავად ღირებულებად. ვიდრე ამ ქვეყანაში თითოეული ადამიანის ტანჯვა არ შეგვაწუხებს და მხოლოდ სადღეგრძელოში ნათქვამი “საქართველო იტანჯება”-თი შემოვიფარგლებით, მანამდე დაიტანჯება სწორედ ჩვენი ბედკრული საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა.

სტერეოტიპი 11: “კაპიტან გრანტის შვილები”

საქართველოს უბედურებაში მხოლოდ სხვა რწმენის (იხ. სტერეოტიპი 1), სხვა კულტურული ტრადიციის (იხ. სტერეოტიპი 2, 3, 4), სხვა ქვეყნის (იხ სტერეოტიპი 5, 6, 7) ან სხვა ეროვნების (იხ. სტერეოტიპი 8, 9) წარმომადგენლებს არ უდგათ ფეხი. მტერი რას დაგვაკლებდა, ციხე რომ შიგნიდან არ ტყდებოდეს. ამიტომ ქვეყანას თავსდამტყდარი ყოველი უბედურება იმ ქართველ უფლებადამცველთა, ჟურნალისტთა, არასმათვრობო ორგანიზაციების ბრალიცაა, რომელთაც უცხოელი მასონები გრანტებით კვებავენ.

საინტერესოა, რომ ქართველს უზარმაზარი კრედიტების (რომელიც ყოველი ჩვენგანის გადასახდელია) შემჭმელი ესა თუ ის მინისტრი იმდენად არ აღიზიანებს (იმიტომ, რომ მის ადგილზე თვითონაც ასე მოიქცეოდა), რამდენადაც ადამიანის უფლებების ესა თუ ის დამცველი, რომლის მიერ მიღებული გრანტი, გაკეთებულ კარგ საქმეებს რომ თავი დავანებოთ, არც არავის აწვება ვალად.

საქმე ისაა, რომ კრედიტის გამფლანგველი არავისგან ითხოვს ცხოვრების წესის შეცვლას, მაშინ როცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები საზოგადოებას სულ იმას უკიჟინებენ, რომ ცხოვრების მანკიერი წესები ურთიერთობათა ახალი ფორმებით უნდა ჩავანაცვლოთ. ობივატელს ცხოვრების წესის შეცვლად, პირველ რიგში, მცხეთის სალობიეზე ან ველიამინოვის სახინკლეზე უარის თქმა ესმის და მის გაღიზიანებასაც სწორედ ეს იწვევს.

თუ კარგად ჩავუკვირდებით, ჩვენს უმრავლესობას ქართულ თვითმყოფადობად, ძირითადად, სწორედ უანგარიშო ხარჯვა (თანაც არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის) და ქართული სუფრა ესახება. არადა ხინკალი ხომ მათაც ძალიან უყვართ, ვისაც საქართველოში ახალი ცხოვრების დამკვიდრება სურს.

სტერეოტპი 12: ვინ დგას “60 წუთის” უკან

ვინ ვის უკან დგას (მათ შორის ინტიმურ ამბავშიც), ამ საზოგადოებას რატომღაც უფრო აინტერესებს, ვიდრე ის, დაიხარჯა თუ არა მიზნობრივად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი ესა თუ ის თანხა. ეს კითხვა ყველაზე ხშირად მასმედიის მიმართ დაისმის და მასზე პასუხის გაცემა საბჭოური ცხოვრების წესის გაანალიზებას მოითხოვს.

უანგარო თანადგომა შიშზე და დაბეზღებაზე დამყარებული საზოგადოებისათვის საკმაოდ უცხო ხილი იყო. საბჭოთა დროს ერთი ადამიანი შეიძლება დახმარებოდა მეორეს რაიმე გამორჩენის (ფული, თანამდებობა) მიზნით. ამიტომ ასეთი საზოგადოებისათვის უცხოა სოლიდარობა პრინციპების გამო. მაგალითად, როცა მთელი მედია ერთნაირად აშუქებს მთავრობის უუნარო მოქმედებებს, ამას ცეკას მდივნად ნამუშევარი პრეზიდენტი აღიქვამს, როგორც ვიღაცის მიერ დაგეგმილ ტოტალურ საინფორმაციო შეტევას ხელისუფლებაზე.

თავისუფალი მედიის (“60 წუთი” ამ შემთხვევაში ლაკმუსის ქაღალდის როლს ასრულებს) სიძულვილი ტიპური საბჭოური სტერეოტიპია. თავისუფალი მედია ხომ არ გაძლევს მოსვენებას და ყოველდღიურად ახალ პრობლემას “გაჩეჩებს”. ამით იგი გინგრევს თვითკმაყოფილებისა და სიმაძღრის აურას და გაიძულებს შენვე (და არა ცეკამ ან პრეზიდენტის კანცელარიამ) იზრუნო შენსავე ხვალინდელ დღეზე.

კაგებეური რიტორიკის ნაწილია ფრაზა – რა მნიშვნელობა აქვს, შენს უკან კაგებე იდგება თუ ცერეუ (იხ. სტერეოტიპი გეოპოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე) – რა გულისხმობს “ჰომო სოვეტიკუსის” ეჭვს, რომ თავისუფალი მედიის უკან სწორედ ცერეუ ან “მოსადი” დგას. თან ცეკას მდივნად ნამუშევარ პრეზიდენტიც აქვეა თავისი ფრაზით: “გაივსო საქართველო უცხო ქვეყნის აგენტურით”. და თუ მართლაც გაივსო, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, თუ არა ისევ ცეკას მდივნად ნამუშევარ პრეზიდენტი?

ტესტი საკუთარ თავზე

სტერეოტიპების ჩამოთლვა კიდევ შეიძლება, მაგრამ ვითარების საილუსტრაციოდ ზემომოყვანილიც საკმარისია. ახლა დადგა დრო, ამ სტერეოტიპების მიხედვით საკუთარი თავი შევაფასოთ.

თუ ამ სტრეოტიპებიდან ყველას იზიარებთ, თქვენ, შესაძლოა, იგორ გიორგაძის ადგილსამყოფელიც კი იცოდეთ.

თუ სიმპათია არგუმენტების საკმაო ნაწილზე გებადებათ, მაშინ პანტელეიმონ გიორგაძის პარტიის წევრობა თქვენი გაქანების მაქსიმუმია.

თუ მოყვანილი ფრაზებიდან ზოგიერთს იზიარებთ და თანაც ერთმანეთთან ლოგიკური კავშირის მოძებნა გიჭირთ, გაქვთ შანსი, 2003 წლის არჩევნებში ან მოქალაქეთა კავშირის სიით იყაროთ კენჭი, ან “აღორძინების”.

თუ არც ერთი სტერეოტიპი არ არყევს თქვენში დემოკრატიისადმი რწმენას, თქვენ მშვიდი ძილის უფლება ნამდვილად არ გაქვთ: ასეთ უუნარო მთავრობას და რუსეთის მიერ კიდევ ერთხელ დაკაბალებას თქვენ ნამდვილად არ იმსახურებთ.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, ფილოსოფოსი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close