Home ბლოგი 20 ივნისის აქციაზე დაშავებულთა შორის თეთრიწყაროელებიც არიან

20 ივნისის აქციაზე დაშავებულთა შორის თეთრიწყაროელებიც არიან

თარიღი: 21 ივნისი, 2019

2019 წლის 20 ივნისის ღამეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. საპროტესტო აქცია საქართველოში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მის გამოსვლას მოჰყვა.

აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.

დაშავებულთა შორის არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებიც.

სხეულზე მრავლობითი ჰემატომები აღენიშნებათ ომარ შავაძეს, ლიანა ჟორჟოლიანსა და არკადი მანუკიანს.

შედარებით მძიმე მდგომარეობაშია თამარ ბალიანი, რომელსაც რეზინის ტყვია სახის არეში მოხვდა. მას მარჯვენა თვალის მიდამო იმდენად აქვს შეშუპებული, რომ თვალის გახელას ვერ ახერხებს.

ლიანა ჟორჟოლიანის განცხადებით, დაშავებულები ხელისუფლებისგან პასუხისმგებლობის აღებას მოითხოვენ. მისი თქმით, ისინი სამართალდამცავ ორგანოებს ოფიციალური განცხადებით მიმართავენ და მომხდარის გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას მოითხოვენ.

„ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს ხელისუფლებას იმის გამო, რაც მოხდა და რის შედეგადაც ამდენი ადამიანი დაშავდა და დასახიჩრდა. განცხადებას შევიტანთ პოლიციაში და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოვითხოვთ“, — აცხადებს ლიანა ჟორჟოლიანი.

აქციაზე დაშავებული თეთრიწყაროელების უმეტესობამ მედიასთან ინტერვიუსგან თავი შეიკავა.

20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმაც გაავრცელა განცხადება და სამართალდამცველების მხრიდან ძალის შესაძლო არაპროპორციულ გამოყენებაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება მოითხოვა.