სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროვა.
ვიდეო მასალა უხმოა – დავითაძის განცხადებით, სწორედ ამ დროს ის გააუპატიურეს, რასაც უწყება კატეგორიულად უარყოფს.
პენიტენციური სამსახურის განმარტებით, გადაყვანისას მსჯავრდებული დათვალიერებას ექვემდებარება. მან შემოწმებაზე უარი თქვა და თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„- კადრებშიც ჩანს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ, მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების მიზნით, დაწესებულების თანამშრომლებმა იძულებით ჩაუტარეს შემოწმება მსჯავრდებულს, რაც განხორციელდა სხეულზე ელექტროდეტექტორის გამოყენებით“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, ვიდეომასალა უკვე შეისწავლეს საგამოძიებო ორგანოებმა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა, თუმცა ძალადობის, ან დანაშაულის ნიშნები არ გამოვლინდა.














