სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში გამოსახლებული პენსიონერი ცოლ-ქმარი საცხოვრებლის დაბრუნებას შეძლებს.
ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, ქეთი მოლაშვილი ავრცელებს. ოჯახის დასახმარებლად თანხა ადგილობრივებმა, რიგითმა მოქალაქეებმა და ემიგრანტებმა შეაგროვეს.
მოლაშვილის თქმით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ ოჯახს განცხადება დააწერინა და მხოლოდ 400 ლარი ჩაურიცხა.
გიორგი ხატიაშვილი და მისი მეუღლე სახლიდან 16 ოქტომბერს გამოასახლეს. როგორც გამოცემა „მაუწყებელი“ წერდა, მათ სახლი რძლის ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის დასაფინანსებლად აღებული სესხის გამო დაკარგეს.
74 წლის ხატიაშვილის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ კერძო მევახშისგან 5 000 დოლარი ისესხეს, თუმცა ხელზე მხოლოდ 3 000 დოლარი მიიღეს.
მისი თქმით, მევახშე სახლის სანაცვლოდ 20 000 დოლარს ითხოვდა, რომლის გადახდაც ოჯახს არ შეეძლო.
ხატიაშვილების რძალი სიმსივნეს ებრძვის. ოთხი წლის წინ ის მეუღლესთან ერთად სამკურნალოდ საფრანგეთში, სტრასბურგში გაემგზავრა, სადაც სამი ოპერაცია ჩაუტარდა.
გამოსახლების შემდეგ პენსიონერი მამაკაცი ამბობდა, რომ ავადმყოფ მეუღლესთან ერთად, რომელსაც თავად მზრუნველობს, წასასვლელი არსად ჰქონდა. ისინი ღამეებს მეზობლებთან ათევდნენ







