„ვარდისფერი ოქტომბერი“ ველისციხის ვენახებში — ქალებს ძუძუს კიბოს პრევენციაზე ესაუბრნენ
„ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში „ქართული ოცნების“ ქალთა კახეთის ორგანიზაციის წარმომადგენლები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ჩავიდნენ და რთველში ჩართულ ქალებს უშუალოდ ვენახებში შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა ძუძუს კიბოსთან ბრძოლა, დაავადების პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა იყო.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სოფლად მცხოვრებ ქალებთან ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარული გამოკვლევები და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყოველდღიური შრომისა და საოჯახო საქმეების გამო ქალები ხშირად საკუთარ ჯანმრთელობას ნაკლებ დროს უთმობენ.
შეხვედრის ადგილად სიმბოლურად რთველი და ვენახი შეირჩა — გარემო, სადაც ამ პერიოდში კახელი ქალების დიდი ნაწილი ყოველდღიურად შრომობს.
„ვარდისფერი ოქტომბერი“ ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიაა, რომლის მიზანია ქალებისთვის ინფორმაციის მიწოდება, პრევენციის მნიშვნელობის ხაზგასმა და დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის ხელშეწყობა.
კამპანიის ფარგლებში მსგავსი შეხვედრების მთავარი გზავნილია — ქალებმა, მიუხედავად ყოველდღიური დატვირთვისა, არ გადადონ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რადგან ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში დროულ დიაგნოსტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.














