დღის ამბებისაზოგადოება

პარლამენტის გადაწყვეტილებით, სტაჟიორების მინიმალური ხელფასი 400-500 ლარით განისაზღვრება

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით, ერთხმად, მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც სტაჟიორთა შრომის ანაზღაურების საკითხს საკანონმდებლო დონეზე აწესრიგებს.

კანონში ცვლილების თანახმად, საჯარო დაწესებულებებში სტაჟირება ანაზღაურებადი ხდება. ცვლილება არეგულირებს გარდამავალ პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირების გავლის საკითხს, ასევე ახლებურად განიმარტება ტერმინები „სტაჟირება“ და „სტაჟიორი“.

საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება და მოწესრიგდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონით.

„ცვლილებით განსაზღვრულია 2 კატეგორია. ჩვენ გათანაბრებული გვაქვს ანაზღაურება საჯარო დაწესებულების მე-3 კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილ პირველ სახელფასო კოეფიციენტზე, რაც დაახლოებით 400-500 ლარს შეადგენს. ამავდროულად, ჩვენ მიღებული გვაქვს კანონი დეფიციტური პროფესიების შესახებ და თუ სტაჟიორი იქნება ამ მიმართულებით და ამასთანავე, უწყებას ექნება ამის საშუალება, მას შეუძლია სტაჟიორს განუსაზღვროს ანაზღაურება, რომელიც იქნება არაუმეტეს საჯარო დაწესებულების მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისთვის დადგენილი მე-2 სახელფასო კოეფიციენტისა, რაც დაახლოებით 1 000 ლარის ოდენობაა“, – განაცხადა ცვლილების ერთ-ერთმა ინიციატორმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close