დღის ამბებისამართალი

პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება ყველა, ვინც „უკანონოდ რეგისტრირებულ“ მიწებს სახელმწიფოს დაუბრუნებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიიღებენ „ამნისტიის კანონს“, რომელიც ყველა იმ ადამიანს გაათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, ვინც უარს იტყვის „უკანონოდ რეგისტრირებულ“ მიწებზე და მას სახელმწიფოს გადასცემს. პრემიერი ასეთ მიწებს უკანონოდ რეგისტრირებულს უწოდებს, მოსახლეობის ნაწილი კი – თავიანთი წინაპრების ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებას.

ჩვენმა მოქალაქეებმა უკანონოდ დაირეგისტრირეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში, მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ კონსულტაცია გვქონდა პროკურატურასთან, პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ ასეთ საქმეებზე ამნისტია გამოვაცხადოთ“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე (თაღლითობა – 7-დან 10 წლამდე პატიმრობა) და 362-ე (ყალბი დოკუმენტების დამზადება/გამოყენება – 3-დან 6 წლამდე პატიმრობა) მუხლებით ჩადენილ დანაშაულს – მოქალაქეები, რომლებიც უარს იტყვიან 2023 წლის 1 სექტემბრამდე რეგისტრირებულ სადავო მიწის ნაკვეთებზე, გათავისუფლდებიან სასჯელისგან, ჯარიმისგან.

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ღირებულების ეკვივალენტური თანხის გადახდის გზით“, – განმარტა პრემიერ-მინისტრმა და ასევე აღნიშნა, რომ ამნისტია არ გავრცელდება თანამდებობის პირებზე.

ცნობისთვის: საქართველოში ათეულობით მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა პროკურატურაში აღძრული. მათ სახელმწიფო ედავება მიწების თაღლითური გზით რეგისტრაციას, ეს მოქალაქეები კი ამბობენ, რომ მიწები თავიანთი წინაპრების საკუთრებაა.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close