ბლოგიდღის ამბები

სამი და ½ დღე სტამბოლში- ომიკო ეჯიბია

სამი და ½ დღე სტამბოლში

ალბათ ყველას გსმენიათ ფრაზა ,,სტამბოლი ის ქალაქია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო’’. დავამატებდი, რომ სტამბულს შეგიძლიათ მრავალჯერაც ეწვიოთ და ყოველ ჯერზე სასიამოვნო შთაბეჭდილებები, ემოციები და მოგონებები წამოიღოთ.

მეც არაერთხელ ვყოფილვარ სტამბულში გავლით, ერთი ან ნახევარი დღით ,,შემირბენია’’ ხანგრძლივი ტრანსფერისა თუ საქმიანი ვიზიტის გამო, მაგრამ ეს არ ითვლება ნახვად, მით უფრო როდესაც სტამბულზე ვსაუბრობთ. ამიტომაც ფაქტობრივად ორი წელი ვგეგმავდი ამ ქალაქის საფუძვლიან სტუმრობას. საფუძვლიანში კი ოთხ დღიან ვიზიტს ვგულისხმობ. დღეს ბევრი ტურისტული კომპანიაა რომელიც გვთავაზობს სტამბოლში ვიზიტს ავტო ტრანსპორტით იქნება ეს თუ საჰაერო გზით. რაც ცხადია გარკვეულწილად კომფორტულია რადგან არც ტრანსპორტზე გიწევს ფიქრი, არც სასტუმროს დაჯავშნაზე და არც ტურის დაგეგმვაზე. ორივე გზას თავისი პლიუსები და მინუსები აქვს, ფრენა სწრაფი და კომფორტულია, დიდ დროსაც ზოგავთ, სამაგიეროდ განსხვავებით ავტობუსით მგზავრობისგან ბევრად ძვირი ჯდება. ამასთან, ავტობუსით მგზავრობისას ბარგის წონაზე, პრინციპში, არ ხარ შეზღუდული. ავტობუსით მგზავრობისას, ტური მთლიანადაა დაგეგმილი, გყავთ გამცილებელი-გიდი, ტრანსპორტი რომელიც ქალაქშიც მოგემსახურებათ და ჯგუფი რომელიც ახალ ნაცნობებსა თუ მეგობრებს შეგძენთ თან თუ სოციალური ხართ საღამოს ერთად გაერთობით კიდეც.

 

მე მიყვარს მოგზაურობა და არც მარტო მოგზაურობა მზღუდავს. როდესაც სტამბული დავგეგმე თავიდან ჩემთან ერთად კიდევ ორი მეგობარი მოდიოდა მაგრამ ჩვენი ამბავი ხომ იცით, გვინდა მაგრამ ბოლომდე ხშირად ვერ მიგვყავს საქმე. ამანაც არ უნდა შეგაფერხოთ, პეპის არ იყოს ,,ქეციანი წვიმის გამო ყვავილების მორწყვას ხომ არ გადავდებთ, რომელზეც შესაძლოა მთელი ღამე ვფიქრობდით და ვოცნებობდით.’’ პირველი რაც უნდა გააკეთოთ ზუსტი თარიღის არჩევაა, მით უფრო თუ ფრენას აპირებთ ნებისმიერი მიმართულებით. ასევე სათანადო სეზონი უნდა შეარჩიოთ. სტამბოლში ტურები აპრილის ბოლოდან იწყება და ზაფხულის განმავლობაშია მაგრამ ზაფხულში ნამდვილად დაგცხებათ. აპრილი კი იმით არის გამორჩეული, რომ გრილა და ტიტების ცნობილი ფესტივალიც ეწყობა. ამიტომ, გადავწყვიტე სააღდგომო არდადეგების დროს წავსულიყავი. ბილეთები ცხადია ძვირი იყო მაგრამ როდესაც თარიღები ავარჩიე, ჩემს google ანგარიშზე მოვნიშნე და მივუთითე, რომ ფასების ცვლილების შემთხვევაში მომსვლოდა შეტყობინება. ესეც პრაქტიკული, რჩევაა რომლის გათვალისწინება ურიგო არ იქნება თვითმფრინავის ბილეთის შეძენისას. თებერვალში, სამსახურიდან ვბრუნდებოდი, როდესაც შეტყობინება მომივიდა ერთი გზა 45$_მდე დაეცა, ორი გზა 90$ გამომდიოდა, დამატებული ბარგის თანხა რაც დაახლოებით 340 ლარამდე ჯდებოდა (დღემდე ვახარბებ ჩემს მეგობრებს). მაშინვე დავრეკე ერთ-ერთ ტურისტულში და ვთხოვე ჯავშანი გაეკეთებინათ. 410 ლარი ,,მომიხიეს’’ კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ არის კარგი ტურის თავად შედგენა. შემდეგ მეგობარი დამეხმარა პირდაპირ საიტიდან ვიყიდე ბილეთები და ეგ არის, უკან დასახევი გზა მოჭრილია! იმავე დღეს დავჯავშნე ჰოსტელი, რომელიც ზედ აია სოფიადან 100 მეტრში იყო და ბილეთებიან ჰოსტელიანად ჯამში 550 ლარამდე გამომივიდა, რაც ავტობუსით ჩატარებული 5 დღიანი ტურის ფასი იყო. მხოლოდ ეგაა მე მივფრინავდი და სრული 4 დღე ვრჩებოდი სტამბოლში. შემეძლო სასტუმროც ამეღო ძველი ქალაქის ცენტრიდან ოდნავ მოშორებით, რომელიმე მეტრო სადგურთან ახლოს და თითქმის იგივე ფასი დამიჯდებოდა, მაგრამ როდესაც მარტო ვმოგზაურობ ჰოსტელს ვამჯობინებ, მეტი სოციალიზაციისთვის და საღამოობით მოსაუბრეები, რომ მყავდეს.

ფრენა თბილისიდან დილით ადრე მქონდა და სადღაც 7 საათზე საბიჰა გოქჩენის აეროპორტში ვიყავი. თუ სასტუმროს თაქსიმის მოედანთან ახლოს აიღებთ მაშინ სჯობს ავტობუსს გაყვეთ. თუ ძველი ქალაქისკენ მაშინ _ მეტროს. მეტროთი დაახლოებით საათნახევარი დამჭირდა ჩემს გაჩერებამდე, იქედან კი 15 წუთი ფეხით ჰოსტელამდე. რადგანაც ახლოს იყო ცენტრთან მარტივად მივაგენი ადრევე ჩამოტვირთული ხაზ გარეშე რუკით. თუ თქვენი მგზავრობა ორი ან მეტი დღით გრძელდება ინტერნეტი სასურველი სიამოვნებაა. თუმცა მის გარეშეც შეგიძლიათ ხაზ გარეშე რუკებით და წინასწარ დაგეგმილი მარშრუტებით. მე ქალაქში ბოდიალი მქონდა გეგმად ამიტომ სიმ ბარათი და ინტერნეტიც ვიყიდი იქვე მეტროსთან. აეროპორტში ზედმეტად ძვირია ფაქტობრივად მესამედ ფასად ვიყიდე ქალაქში და ესეც კი ძვირი იყო ოფიციალურ ფასებთან შედარებით.

რომ არ დამავიწყდეს, სტამბულში საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მეტო, ტრამვაი, ავტობუსი, ბორანი) უნდა გამოიყენოთ ე.წ. istanbulkart-ი, რომელიც ავტომატებში იყიდება. ჩვენგან განსხვავებით, საზ. ტრანსპორტის მომსახურების ეს სისტემა სრულად ავტომატიზებულია, თუმცა ავტომატებში ინფორმაცია დაახლოებით 20 ენაზეა მოცემული. შეგიძლიათ შეიძინოთ დროებითი ბარათიც რომელიც 10 მგზავრობას ყოფნის, თუმცა მე istanbulkart-ს გირჩევთ, რადგან ვინ იცის იქნებ კიდევ არა ერთხელ ეწვიოთ ამ ქალაქს, თანაც istanbulkart-ით გარკვეული შეღავათით სარგებლობთ. გაითვალისწინეთ, რომ თუ 10 მგზავრობას ყიდულობთ ზუსტად იმ ოდენობის თანხა უნდა შეიტანოთ რასაც გთხოვთ აპარატი, რადგან ხურდას არ აბრუნებს და შეტანილ თანხას მთლიანად ,,ჩაგიყლაპავთ’’. ცოტა ლირა აეროპორტშივე ვიყიდე და აპარატთან მისვლისას აღმოვაჩინე, რომ ძირითადად მსხვილი კუპიურები მქონდა. მომიწია უკან დაბრუნება მაგრამ გადასახურდავებელ პუნქტში იუარეს მსხვილი კუპიურის დაშლა და ხელახლა დახურდავება მიწევდა. შემდეგ მათივე მოცემული ჩეკი დავუდე და მოვთხოვე დაშლა, ამაზე კი უარი ვეღარ მითხრეს, ამიტომ ჩეკები შეინახეთ, რა იცით რა ხდება.

ჰოსტელში ადრე მივედი მაგრამ წინასწარ მიწერილი მქონდა და ვიცოდი ბარგის დატოვებას შევძლებდი, თუმცა გამიმართლა და ჩემი ადგილი თავისუფალი იყო ამიტომ ერთი საათი დავისვენე და მერე თოფქაფის სასახლისკენ გავემართე, რომელიც იქვე ქუჩის ბოლოში იყო.

თოფქაფის სასახლე, ჩემთვის როგორც ისტორიკოსისთვის და როგორც რიგითი ვიზიტორისთვის, დიდი იმედგაცრუება იყო. ცხადია არის რაღაც საინტერესო დეტალები მაგ. ე.წ. ბიბლიოთეკა, ხედი ბოსფორსა თუ გულჰანეს პარკზე მაგრამ ფასი ამ ყველაფრისთვის ზედმეტად გაბერილია. ყოველ შემთხვევაში ერთხელ ნახვა მაინც ღირს. ბილეთის ფასი ასევე მოიცავს აუდიო გიდსაც, რომლის აღებასაც ყველგან გირჩევთ. ამ შემთხვევაში 14 სხვადასხვა ენაზეა ინფორმაცია (სამწუხაროდ ქართულად არ არის). ასევე გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ადგილების ვიზიტისას შესაძლოა მისი რაღაც ნაწილი ან მთლიანად სანახავი ობიექტი იყოს დაკეტილი. მაგ. მოზაიკის მუზეუმი დაკეტილი იყო მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ასევე ხორას მონასტერი (დღეს მეჩეთი), რომელშიც დიდი რაოდენობით ფრესკებია შემორჩენლი, მათ შორის ოქროს მოზაიკები. თავად თოფქაფში კი მეჩეთები იყო დაკეტილი და ასევე ერთ-ერთი ცნობილი არტეფაქტი, ხალიფა ალის ხმალი ,,ზულფიკარიც’’ არ იყო გამოფენილი. თოფქაფის ბილეთი წმ. ირინეს ეკლესიასაც მოიცავს, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია თუმცა ნაკლებად მოვლილი.

სტამბოლში ვიზიტი აია სოფიას მონახულების გარეშე იგივეა თბილისში ძველი უბანი არ ნახო, ყაზბეგში გერგეტზე არ ახვიდე, ბათუმში ბულვარში არ გაიარო, ქუთაისში ბაგრატიდან არ გადმოხედო ქალაქს და ა.შ. უფრო მეტიც, რამდენი დღეც რჩებით სტამბოლში იმდენჯერ უნდა ეწვიოთ აია სოფიას. მას შემდეგ რაც მეჩეთის სტატუსი დაუბრუნდა, ვიზიტი უფასოა, თუმცა შესასვლელში ქალბატონებს სთხოვენ თავსაბურავს და მოკლე კაბა/შარვალი არ არის მისაღები. ადგილზე ყიდიან შესაბამის შესაბურავს ამიტომ სჯობს თქვენი ატაროთ. შეიძლება რიგში დგომაც მოგიწიოთ, ამიტომ ქუდი, ან მოსაჩრდილებელი სასურველია. თუმცა რიგი სწრაფად იცლება. შეეცადეთ ლოცვის დროს არ დაამთხვიოთ თქვენი ვიზიტი, რადგან ამ დროს კიდევ უფრო მეტი ხალხია. აია სოფიამ ფეხის შედგმისთანავე შეიძლება დაგცეთ თავზარი. ოღონდ თუ რატომ ამის გარკვევა რთული საკითხია. უფრო მაღალი სალოცავები გექნებათ ნანახი, უფრო გრანდიოზულიც, შეიძლება უფრო ლამაზიც ან უფრო ძველიც, მაგრამ აქ ეს ყველაფერი ერთბაშად გაწვებათ და მრავალმხრივ გაოგნებს. მეექვსე საუკუნის ეს ძეგლი რომელიც თითქმის თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი, ყვება არა მარტო თავის ისტორიას, არამედ ბიზანტიის იმპერატორების, ბიზანტიური კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობისა და დაცემის ისტორიებსაც და თქვენ ამ ყველაფერს გაუაზრებლად შეიგრძნობთ. შესასვლელი, ალაყაფის სამი კარით დაწყებული გუმბათითა და აფსიდის მოზაიკით გაგრძელებული, ბაზალტის მასიური სვეტებითა და კალათა-კაპიტელებით დამთავრებული. მართალია დღეს აია სოფია მეჩეთია, მაგრამ მისი გარემო ჯერ კიდევ მძლავრად ასხივებს ბიზანტიურ სულს. მოკლედ, აია სოფია უნდა ნახო და ყოველ ნახვაზე ახალ ემოციას, შთაბეჭდილებასა და ენერგიას შეიგრძნობთ. ჰო კიდევ ერთი რამ, გირჩევთ, შედარებით მყუდრო ადგილი ნახოთ საიდანაც გუმბათ ჩანს, დაწექით გაფენილ მწვანე ხალიჩაზე, ამოიდეთ თავქვეშ თქვენი ზურგჩანთა ახედეთ თქვენს ზემოთ სივრცეს. ამ აღმაფრენისა და სიმშვიდის ერთდროულ შეგრძნებას ვერ აღგიწერთ, ეს უბრალოდ უნდა შეიგრძნოთ! გამოსვლისას, ფეხსაცმლის აღება არ დაგავიწყდეთ, იმისათვის, რომ დაიმახსოვროთ სად დადეთ შეგიძლიათ უჯრას ფოტო გადაუღოთ. გასვლისას აუცილებლად აიხედეთ კარიბჭის თავზე, სადაც სარკეა დამაგრებული და მოპირდაპირე მხარეს არსებულ მოზაიკას იდეალურად ირეკლავს.

აია სოფიადან გზის მოპირდაპირე მხარეს, ბაზილიკა ცისტერნაა, პრინციპში ყველაზე დიდი წყალსაცავი, რომელიც კონსტანტინოპოლს გააჩნდა. ასეთი ცისტერნები რამდენიმეა ქალაქში და ტურისტულადაც მოწყობილია, მათ შორის, თეოდოსის, ფილოქსენოსის (Philoxenos) თუ გულჰანეს პარკის ცისტერნები. ბაზილიკა ცისტერნასთან ბევრად უფრო ხანგრძლივმა ლოდინმა შეიძლება მოგიწიოთ. ეს მიწისქვეშეთი ძალიან კარგად არის მოწყობილი, ბოლო კაპიტალური რემონტის შემდეგ, ბევრად სანახაობრივიც გახდა, მათ შორის კარგად დამონტაჟებული განათებებით, რომლებიც მთელს ამ სივრცეს ანათებენ. მიწის ქვეშ აზიდული უზარმაზარი სვეტები, ტოლკინის სამყაროს ჯუჯების ქალაქს მოგაგონებთ. თუ ლოდინი არ გსურთ შეგიძლიათ ადგილობრივი ოფიციალური გიდი აიყვანოთ, ცხადია თანხის დამატება მოგიწევთ მაგრამ ურიგოდ შეხვალთ, როგორც აია სოფიაში ასევე ბაზილიკა ცისტერნაში.

სულთან აჰმედის (იგივე აჰმედ I) მეჩეთი პირდაპირ უყურებს აია სოფიას, და მას ხშირად ცისფერ მეჩეთს უწოდებენ. სულთან აჰმედის მიზანი იყო შეექმნა უფრო დიდებული და გრანდიოზული საკულტო ნაგებობა, ვიდრე აია სოფია იყო და ადგილიც შემთხვევითი არ ყოფილა. გარედან სუთან აჰმედის მეჩეთი ბევრად უფრო მომხიბვლელი ჩანს, მაგრამ შიგნით შესვლისას მას თითქოს აკლია ის შინაგანი თუ ისტორიული სული, ღირებულება რაც აია სოფიაში ტრიალებს და რაც მთლიანად გეუფლება. რამადანის თვეში, შესაძლოა სულთან აჰმედის მეჩეთი ვიზიტორებისთვის დაკეტილი იყოს და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ. იქვეა აჰმედ I-ის მავზოლეუმი, რომელშიც მისი ოჯახის წევრებიც განისვენებენ, მათ შორისაა მისი მეუღლე ქიოსემ სულთანი. მიმდებარე მოედანსაც სულთან აჰმედის სახელი ჰქვია, რომელზეც XIX საუკუნის ოსმალური შადრევანი, თეოდოსისა და ე.წ. ქვის ობელისკები. ერთ დროს ეს მოედანი კონსტანტინოპოლის იპოდრომი იყო ეს ობელისკები კი ერთგვარი სანიშნეები. მათ შორის არის ე.წ. გველის ტრიპოდის იგივე დელფოსის ტრიპოდის, იგივე პლატეელთა ტრიპოდის შემორჩენილი ბრინჯაოს ნაწილი, რომელიც მეოთხე საუკუნეში დაიდგა იმ ბერძენთა სახელის უკვდავსაყოფად, რომლებმაც  ძვ.წ. 479 წელს პლატეასთან სპარსელები დაამარცხეს. მართალია ადგილზე არ არის გველის თავები მაგრამ არქეოლოგიურ მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ. შემდეგ შეგიძლიათ გულჰანეს პარკში გაისეირნოთ ან შეისვენოთ და თუ არ დაგეზარათ გოთების სვეტამდეც მიხვიდეთ, რომელსაც უკვე მოკრავდით თვალს თოფქაფში ვიზიტისას. გულჰანეს პარკი მართლაც ლამაზი და სასიამოვნო ადგილია განსაკუთრებით თუ კი ცხელა და განსაკუთრებით ტიტების ფესტივალზე, რომელშიც ათასობით სხვადასხვა ფერისა თუ ფორმის ტიტაა დარგული. შეგიძლიათ რომელიმე სკამზე ჩრდილში ჩამოჯდეთ და სანახაობით დატკბეთ თან ,,სიმითსაც’’ (პურეულის სახეობა სიმითის მარცვლებით) თუ მიირთმევთ წახემსებად ჩაგეთვლებათ.

საღამოს მთელს ამ სივრცეს, ყოფილი იპოდრომისა თუ ბაღების ჩათვლით, ადგილობრივი მოსახლეობა ავსებს, რომლებიც ოჯახებით გამოდიან და პიკნიკსა თუ ვახშამს აწყობენ.

შესვენების შემდეგ შეგიძლიათ ეგვიპტურ ბაზარს ეწვიოთ, რომელიც ზუსტად გალათას ხიდის საპირისპირო მხარესაა. ეს თვალისმომჭრელი სავაჭრო სივრცეა რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ, ფერად-ფერადი სანელებლებით, მრავალგვარი ტკბილეულით თუ ფინიკის განსხვავებული სახეობებით, ხელნაკეთი საპნებითა და სუნამო-ნელსაცხებლებით. შეგიძლიათ ნახოთ, დაათვალიეროთ, დააგემოვნოთ შემოთავაზებული ,,ტესტერები’’ მაგრამ არაფერი იყიდოთ! ფასები მინიმუმ ორჯერ ძვირია ვიდრე დიდ ბაზარში (Grand Bazaar) ან თუნდაც იმავე ეგვიპტური ბაზრის გვერდით არსებულ სავაჭრო რიგებში, სადაც იგივე ტკბილეულსა თუ სანელებლებს ბევრად იაფად იყიდით. ზოგადად რახან ბაზარზე მიდგა საქმე რამდენიმე სასარგებლო იდეას მოგაწვდით: პირველივე გამყიდველთან ნურაფერს იყიდით და პირველივე შემოთავაზებულ ფასს ნუ დათანხმდებით; არ დაგეზაროთ გავლა და ფასების სხვაგან გადამოწმება; კარგი იქნება თუ დაიმახსოვრებთ ადგილებს და შემოთავაზებულ ფასებს რომ უკეთესი ვარიანტი აარჩიოთ; არ გადაიღალოთ, თორემ ბოლოს პირველივე შემხვედრთან დახარჯავთ ყველაფერს; დიდ ბაზარში ზოგიერთი სამოსის ფასი შესაძლოა ადგილობრივი ბერნდეული მაღაზიების ფასებს გაუტოლდეს; დიდ ბაზარში საქონლის გარდა შეგიძლიათ არქიტექტურასაც დააკვირდეთ და სადმე ფილმის გადაღებასაც მოკრათ თვალი; თუ ძვირფასი ლითონების ყიდვა გსურთ შეგიძლიათ Nadir Metal Rafineri-ს მიაკითხოთ, რომელიც დასამუშავებელი ოქროსა და ვერცხლის ფირფიტებს, მონეტებსა თუ ზოდებს ყიდის ბევრად იაფად ვიდრე ჩვენთანაა; დიდი ბაზარი დასვენების დღეებში დაკეტილია!

ეგვიპტური ბაზრიდან ჩან სულთან სულეიმანის მეჩეთი სადაც გარდა სულთნის საფლავისა, ცნობილი ოსმალო არქიტექტორის _ სინანის საფლავიცაა. ეგვიპტური ბაზრიდან მეჩეთამდე რამდენიმე გზა მიდის და ერთგან ფერადი კიბეებიცაა. მის შემდგომ არის სტამბოლის უნივერსიტეტი, რომლის ეზოშიც ვერ შეხვალთ სათანადო მოწმობის გარეშე და შემდეგ არის სულთან ბაიაზეთის მეჩეთი, ზედ დიდი ბაზრის უკან. რადგანაც ბაიაზეთის კოშკი, უნივერსიტეტის ეზოშია მოქცეული, მის მონახულებასაც ვერ შეძლებთ. დიდ ბაზართან ასევე არის კონსტანტინეს სვეტი, რომლის დადგმაც კონსტანტინე I-ის სახელსა და 330 წელს დედაქალაქის კონსტანტინოპოლში (ძველი ბიზანტიონი) გადმოტანას უკავშირდება.

სტამბოლი სამ ძირითად ნაწილად შეგვიძლია დავყოთ, რომლებსაც წყლის სივრცეები გამოყოფს: ბოსფორის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილი სადაც ადრე ქ. ქალკედონი და ქრისტოპოლი მდებარეობდა და დღეს სტამბოლის უბნები უშქუდარი და ქადიქოია; ბოსფორის სრუტის დასავლეთით კი ქალაქის ორი ნაწილი საკუთრივ ძველი სტამბოლი (ფათიჰის რაიონი, ემინონუ და სხვა.), რომელიც საუკუნეთა განმავლობაში კიდევ უფრო დასავლეთით გაიზარდა და მისგან ჩრდილოეთით, ოქროს რქის ყურის მეორე ნაპირზე მდებარე გალათა (კარაქოი), კაბატაში, ბეშიქთაში და სხვა. შესაბამისად თქვენ მიერ დაგეგმილი მარშრუტებიც ამ უბნების მიხედვით უნდა დაყოთ. პრინციპში, ძველ ნაწილში 2 დღე საკმარისია და ამ დროში ბალატსაც (ფერადი უბანი) ნახავთ, ვალენტის აკვედუკსაც და კონსტანტინოპოლის კედლებსაც შეავლებთ თვალს. მე ბალატის უბანი, ვალენტის აკვედუკი, კონსტანტინოპოლის გალავანი, იედიყულეს ციხე (ოქროს კარიბჭე მისი ნაწილია) და დიდი ბაზარი ერთ დღეზე გავანაწილე. ავტობუსით მივედი ბალატამდე, რომელიც ფეხით მოვიარე; იქედან აკვედუკამდე ასევე ავტობუსით და შემდეგ იედიყულემდე ისევ ავტობუსით; შემდეგ მეტროთი ან ავტობუსით _ ტრამვაის ხაზამდე, რომელიც დიდ ბაზართანაც გაივლის და სულთან აჰმედი მოედანზეც მივა, ვიდე ემინონუმდე.

ბალატის ფერადი უბანი და მართლმადიდებლური საპატრიარქოს კათედრალური ტაძარი დილით ადრე მოვინახულე. რადგანაც ფერად უბანს არ სჭირდება გაღება-დახურვა და უბრალოდ ქუჩებში უნდა იაროთ. თანაც ხალხიც ნაკლები იქნება და ფოტოების გადასაღებად ლოდინი არ მოგიწევთ. წინასწარ რამდენიმე ადგილი შეგიძლიათ მონიშნოთ, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ და შემდეგ მიყევით მარშრუტს. აკვედუკი თუ არასოდეს გნახავთ მაშინ შეგიძლიათ მასაც დაუთმოთ დრო, თუმცა ასეთი გრანდიოზული და ძველი, ასე შემონახული შეიძლება ყველგან არ შეგხვდეთ. იედიყულეს ციხეზე (იქ ქართლის მეფე სიმონ I ჰყავდათ დატყვევებული ოსმალებს) სარემონტო სამუშაოები იყო და შესაბამისად მხოლოდ გარს შემოვუარე. ოქროს კარიბჭე ციხის ნაწილია და მისი დათვალიერებაც შეზღუდული იყო.

რაც შეეხება ოქროს რქის ყურის გაღმა სივრცეს, ხშირად პირდაპირ გალათას კოშკით ან თაქსიმის მოედნით იწყებენ. აქაც აჯობებს თუ ყველაზე შორი ადგილიდან დაიწყებთ. ტრამვაით გადავედი კარაქოიში და იქედან ავტობუსს გავყევი რუმელი ჰისარის ციხემდე, რომელიც ბოსფორის სრუტის შუა ხიდთანაა (სულ 3 ხიდია გადებული სრუტეზე). ამ ციხის მშენებლობა იყო კონსტანტინოპოლის დაცემის დასაწყისი, რადგანაც მან ჩაკეტა შავი ზღვის გენუელთა ფაქტორიებთან კავშირის შესაძლებლობა, და ფაქტობრივად ყოველი მხრიდან მოექცა ქალაქი ოსმალთა ალყაში. ციხე მართლაც რომ გრანდიოზულია განსაკუთრებით თვალშისაცემი კი მისი ბურჯები, კოშკებია, რომლებიც ფაქტობრივად ცალკე სიმაგრეებს ქმნიან. აქედან ლამაზი ხედი იშლება ბოსფორზე და ხიდზე. შემდეგ ასევე ავტობუსს გამოყევი უკან ორთაქოიმდე, სადაც პირველი ხიდია ბოსფორზე. ეს პატარა უბანი რამდენიმე თვალსაზრისით არის გამორჩეული. თუ რუმელი ჰისარის ნახვას ვერ ახერხებთ, მაშინ ორთაქოსი მოედნიდან ბოსფორის ხიდზე და ორთაქოის მეჩეთზე არაჩვეულებრივი ხედია. ასევე აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ მოლუსკები ან სხვა ზღვის პროდუქტები, რომელიც მე გალათას ხიდის რესტორანში ნაკლებად მომეწონა. ამ პატარა უბანში ასევე არის ერთი ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია და სინაგოგაც. ბევრია კაფე და რესტორანი ასევე შეხვდებით ბუკინისტურ კუთხეებსაც.

ორთაქოიდან დოლემბახჩეს სასახლემდე ბორნით ვიმგზავრე, რაც საკმაოდ სწრაფი და საინტერესო იყო. თუ საკრუიზო გემი არ არის გირჩევთ ღია ნაწილში არ დასხდეთ. რაც შეეხება კრუიზს ბოსფორზე კარაქოისა და ემინონუში ბევრი ადგილია, რომელიც ამ სერვის გთავაზობთ (1,2 და 3 საათიანი ტურები. 1- საათიანი ბოსფორს მოიცავს, 2 საათიანს ემატება ოქროს რქის ყურე, 3 საათიანი კი რუმელი ჰისარამდე ადის და იქ ჩერდება). იქვეა საზღვაო მუზეუმი, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნახოთ და მიიღოთ ინფორმაცია როგორც შუა საუკუნეების ოსმალთა საზღვაო საქმიანობაზე ასევე თურქეთის რესპუბლიკის ზღვაოსნობაზეც. საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძველი დღემდე შემორჩენილი პორტოლანი (ე.ი. საზღვაო რუკა), რომელზეც ამერიკის კონტინენტების აღმოსავლეთ ნაწილია ასახული სწორედ ოსმალო ადმირალს ფირი რეისს (XVI საუკუნის დასაწყისი)ეკუთვნის და მისი ასლი თოფქაფშია გამოფენილი.

დოლემბახჩე ის ადგილია, რომელიც იმედგაცრუებულს არავის დატოვებს. განსხვავებით თოფქაფისგან, ევროპულ ყაიდაზე აშენებული ეს სასახლე სიმდიდრეს, გემოვნებას, კომფორტს, დახვეწილობას და სილამაზეს ასხივებს. დოლემბახჩეში მოქმედებს სტუდენტური ფასდაკლება და შეგიძლიათ ამითაც ისარგებლოთ. აქაც თან წაიყოლეთ აუდიო გიდი. ფოტოების გადაღება აკრძალულია მაგრამ სანახაობა ნამდვილად თვალისმომჭრელი: იქნება ეს შესასვლელი ჰოლი, სასტუმრო დარბაზები, საძინებლები თუ სამუშაო ოთახები მორთული ევროპული ბროლით, ოსმალური და სპარსული ხალიჩებით, კერამიკით შორეული აღმოსავლეთიდან, მოჩუქურთმებული სვეტებითა თუ მოხატული ჭერით. დოლემბახჩეში საითაც არ უნდა გაიხედოთ ყველა მხრიდან სილამაზე და სიმდიდრე შემოგცქერით. შეგიძლიათ დამატებით ჰარემსაც ესტუმროთ და სასახლის ბაღში გაისეირნოთ. სასახლე ბოსფორის პირასაა გაშენებული და ბაღის ერთი მთლიანი მხარე ზედ ბოსფორზე გადის და თქვენს თვალწინ არაჩვეულებრივი ხედი იშლება.

დოლემბახჩედან ხუთი წუთია ფეხით სავალი თაქსიმის ფუნიკულორამდე, რომელიც თაქსიმის მოედანზე აგიყვანთ. თაქსიმზე რა დროსაც არ უნდა მიხვიდეთ სულ ხალხი ირევა რომელიც ისტიკლალის გამზირს აღმა-დაღმა დაუყვებიან. ეს გამზირიც ძალიან ხალხმრავალი და ლამაზია, რომელიც ფეხით მოსიარულეთათვის არის განკუთვნილი და მასზე მხოლოდ ისტორიული წითელი ტრამვაი დადის. ისთიკლალ სავსეა ბრენდული მაღაზიებით, რესტორნებით, შოკოლატერიებით (მე ყველაზე მეტად შოკოლადები და გამომცხვარი კარტოფილი მომეწონა), სხვადასხვა ბიჟუტერიისა თუ წვრილმანების მაღაზიებით, არის დიდი აუთლეტ მაღაზიაც და სავაჭრო ცენტრიც. თუ სავაჭრო ცენტრში შეხვალთ გირჩევთ მასაჟორი სკამით ისარგებლოთ, ეს თქვენს დაღლილ სხეულს მოადუნებს და შვებას მოჰგვრის, ფასი კი მინიმალურია. ისთიკლალზე ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ მადამ ტუსოს ცვილის მუზეუმს, წმ. ანტონის კათოლიკურ ეკლესიას, ქვემოთ ასევე გზის გაყოლებაზე არის ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკური ეკლესია ძველი ნიშებით და ილუზიის მუზეუმი. განაპირა ვიწრო ქუჩები და არქიტექტურა რამდენიმე 1-2 საუკუნით უკან დაგაბრუნებთ ოღონდ არა აზიაში, არამედ ევროპაში. თქვენი შემდეგი გაჩერება კი გალათას კოშკია რომელსაც უკვე არა ერთხელ მოკრავდით თვალს და ერთ დროს მსგავსი კოშკების მთელი სისტემა იცავდა ოქროს რქის ამ ნაპირზე მდებარე გენუელთა ფაქტორიას. კოშკის გარშემო უამრავი კაფე, რესტორანი და სუვენირების მაღაზიაა _ მთავარია შევაჭრება არ დაგავიწყდეთ. იქედან ვიწრო ქუჩების გავლით ,,ბანკების ქუჩაზე’’ შეგიძლიათ მოინახულოთ ე.წ. კამონდოს კიბეები, რომელიც XIX საუკუნის ბოლოსნეო-ბაროკოსა და ადრეული არტ-ნუვოს სტილში ააშენა კამონდოს საგვარეულომ, რომელიც სწორედ საბანკო საქმით იყო დაკავებული. იქედან კი შეგიძლიათ გალათას ხიდისკენ დაეშვათ და დღე ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული ვახშმით დაასრულოთ.

ჩემი მოკრძალებული აზრით, ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილი თქვენი სტამბოლში მოგზაურობისა თურქულ ჰამამში ვიზიტი უნდა იყოს. მართალია შეიძლება ფასები გეძვიროთ მაგრამ ნამდვილად ღირს, ფაქტობრივად ამდენი სიარულისა და გადაჭარბებული ემოციების, მოლოდინების, ამინდისა თუ უამინდობის ფონზე ეს არის ,,აუცილებელი სიამოვნება’’. ჯერ ცხელ მარმარილოზე წოლა, მერე მექისისგან ტყავის გაძრობა და ბოლოს ისევ თბილ ოთახში, წყალში თუ საუნაში განსვენება. გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია თუ წინასწარ დაჯავშნით სათანადო ადგილს, რადგან ცენტრალურ უბნებში ხშირად გადავსებულია. ზოგიერთ სასტუმროს თავად აქვს ეს სერვისი. ასევე ყურადღება მიაქციეთ აღწერილობაში ქალი და მამაკაცი მექისეები ჰყავთ თუ მხოლოდ მამაკაცები. მართალია, ოთახებსა და აბანოებში სქესობრივი სეგრეგაციაა მაგრამ ზოგიერთ ჰამამს მხოლოდ მამაკაცი მექისეები ჰყავთ. დამატებით სურნელოვანი ზეთების მასაჟი ან სხვა მსგავსი სერვისიც შეგიძლიათ ნახოთ, ცხადია შესაბამისი ანაზღაურებით.

ეს არის თითქმის ყველა ის ადგილი რომელიც სტამბოლში ვიზიტისას მოვინახულე. ტაქსით არ მიმგზავრია თუმცა ფასები ნორმალური იყო მთავარი აქაც შევაჭრებაა. საზ. ტრანსპორტი ყველგან მიგიყვანთ თუ კი იცით რომელი გამოიყენოთ და შეგიძლიათ რუკაზე ორიენტირება. სტამბოლი აუცილებლად უნდა ნახოთ, მაგრამ მთავარია სტამბოლი შეიგრძნოთ კიდეც და ის შეგიყვარდებათ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close