Home ბლოგი ყურძნის ჩასაბარებელი ფასები გაიზარდა

ყურძნის ჩასაბარებელი ფასები გაიზარდა

ყურძნის ჩასაბარებელი ფასები გაიზარდა- ლევან მეხუზლა: არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი.

საქართველოს მთავრობასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან კონსულტაციის შედეგად, ჩასაბარებელი ყურძნის ფასები შეიცვალა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, გადაწყვეტილება წელს უხვი ნალექით გამოწვეულმა გარემოებამ განაპირობა, რის გამოც ყურძენს შაქრიანობის აღება გაუჭირდა.

ახალი ფასების მიხედვით, მაღალკონდიციური საფერავის, 20 გრადუსიდან ზემოთ შაქრიანობის შემთხვევაში, ფასი 1.50 ლარი იქნება, ხოლო რქაწითელისა და სხვა ჯიშების, 19 გრადუსიდან ზემოთ – 1.30 ლარი.

დაბალკონდიციური საფერავი, 16-დან 20 გრადუსამდე შაქრიანობით, 1 ლარად, ხოლო რქაწითელი და სხვა ჯიშები, 16-დან 19 გრადუსამდე, 90 თეთრად ჩაბარდება.

16 გრადუსამდე შაქრიანობის არაკონდიციური ყურძნის ფასი 50 თეთრით, ჰიბრიდული ყურძნის კი 30 თეთრით განისაზღვრა.

„წელს იყო უხვი ნალექი და ყურძენს გაუჭირდა შაქრიანობის აღება. სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს, იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი. ჰიბრიდი 30 თეთრი“, – განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ამასთან, იმ მევენახეებს, რომლებმაც ყურძენი მოქმედი ფასებით უკვე ჩააბარეს, ახალი ფასების შესაბამისად სხვაობა გადაეთვლებათ და შესაბამისი თანხა დაუკომპენსირდებათ.