Home ბლოგი ყვარელში საგზაო კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

ყვარელში საგზაო კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ

ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი მორიგი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომელსაც 29 წლის მარიამ სვიმონიშვილი ემსხვერპლა, მოქალაქეები სოციალურ ქსელში საგზაო უსაფრთხოების პრობლემებზე საუბრობენ.

ადგილობრივები წერენ, რომ ქალაქსა და მის შემოგარენში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა ყოველდღიურ პრობლემად იქცა.

მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლები ერთმანეთს ეჯიბრებიან, სახიფათო მანევრებს ასრულებენ და საფრთხეს უქმნიან როგორც სხვა მძღოლებს, ისე ქვეითებს.

ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭიროა საპატრულო პოლიციის კონტროლის გამკაცრება. ასევე გზებზე მუდმივი პატრულირება და სწრაფად მოძრავი მძღოლების მკაცრი მონიტორინგი იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები თავიდან იქნას აცილებული.

საუბარია საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემებზეც. მათი თქმით, ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდული ხილვადობა და უსაფრთხოების ელემენტების არარსებობა დამატებით რისკებს ქმნის.

„კიდევ რამდენი ახალგაზრდა უნდა ვიგლოვოთ?“, „იარეთ ნელა“, „გზებზე სრული მარაზმია“, „10 საათის შემდეგ ქალაქში მანქანებით ეჯიბრებიან ერთმანეთს“ – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში.