შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს.
ოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩაატარეს.
კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს, მამუკა ჩხაბერიძეს, რომელიც უწყების ცნობით, საზღვარგარეთ იმყოფება.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები მითითებებს მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.
ისინი სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, სადაც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.
ბრალდებულები მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს განიხილავდნენ და ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე საკუთარი სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ.
სამინისტროს ცნობით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.














