Home ბლოგი უამინდობის გამო საგარეჯოში ელექტროენერგია არ მიიწოდება

უამინდობის გამო საგარეჯოში ელექტროენერგია არ მიიწოდება

ძლიერი წვიმის, ქარისა და ჭექა-ქუხილის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების გამო, საგარეჯოს ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

მოქალაქეები სოციალურ ქსელში ელექტროენერგიის ხანგრძლივ გათიშვაზე წერენ.

“ძლიერი საქართველო-ლელოს“ დეპუტატი საგარეჯოს საკრებულოში, თაკო ყორღანაშვილის თქმით, დენი თითქმის 12 საათია შეწყვეტილია.

„თითქმის 12 საათია ელექტროენერგია არ მოგვეწოდება და აღდგენის სავარაუდო დროც არ იციან.

დაზიანება დიდი და ბევრიაო. ისიც გასაგებია, რომ ამ ხალხს რთულ პირობებში უწევს მუშაობა…

თუმცა, წლის განმავლობაში რამდენჯერ გვითიშავენ დენს გეგმიურად? რით ვერ ეშველა ქსელს და სისტემას, რომ ერთ ჩვეულებრივ, ზაფხულის წვიმაში ბნელში არ ვიჯდეთ მოსახლეობა?

პ.ს. სუპიც ვერ მოგიხარშავს კაცს ისე, რომ თვალში თითი არ წაიტაკო“, – წერს ყორღანაშვილი.

ერთ-ერთი მოქალაქე კი აღნიშნავს, რომ ხშირი გათიშვების გამო საყოფაცხოვრებო ტექნიკა ზიანდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, წუხელ ძლიერი ქარის, ჭექა-ქუხილისა და წვიმის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

ტექნიკური სამსახური აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.

კომპანიის ცნობით, ოთხი ფიდერიდან სამი უკვე აღდგენილია, ხოლო მეოთხეზე სამუშაოები მიმდინარეობს. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დღის პირველ ნახევარში იგეგმება.