Home ბლოგი სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ოფიციალური განცხადებით, კაცი საწოლიდან გადმოვარდა და მიღებული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების ცნობით, გ. გ. პენიტენციურ დაწესებულებაში 2026 წლის 2 ოქტომბერს მოათავსეს. 9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, თანამესაკნეებმა დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინეს, რომ ბრალდებული ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა.

შემთხვევის დროს საკანში მისი ხუთი თანამესაკნე იმყოფებოდა. დაცემის ხმა დერეფანში მყოფმა სოციალურმა მუშაკმაც გაიგო, რაც, უწყების განცხადებით, ვიდეოჩანაწერშიც ჩანს.

სამედიცინო პერსონალი შეტყობინებიდან ერთ წუთში გამოცხადდა და ბრალდებულს პირველადი დახმარება გაუწია.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა კი 14:36 საათზე გამოიძახეს და ის დაწესებულებაში 14:50 საათზე მივიდა. სამედიცინო დახმარების მიუხედავად, პირის გარდაცვალება 15:15 საათზე დაფიქსირდა.

უწყების განცხადებით, მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა იმერეთის საოლქო პროკურატურას და ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობს და მათ საქმესთან დაკავშირებული მასალები უკვე მიაწოდა.