Home ბლოგი როცა ხელისუფლებას აქტიური მოქალაქეების ეშინია

როცა ხელისუფლებას აქტიური მოქალაქეების ეშინია

ავტორი: ნათია ალბორიშვილი

დღეს სამოქალაქო სექტორი რეგიონებში აღარ არსებობს. ადამიანები, რომელთათვისაც უდიდესი იმედი და მხარდაჭერა არსებობდა ჩვენი სახით, ჩუმად არიან, რადგან ისჯებიან თუ მხარს ღიად დაგვიჭერენ. ჩვენმა ხელისუფლებამ დიდ საფრთხედ მიიჩნია აქტიური მოქალაქეობა და ხალხს მკაცრი მაგალითი აჩვენა რა მოჰყვება კრიტიკასა, თუ პროტესტს. 

 როგორია დაინახო დღევანდელი რეალობა ჩვენ გარშემო, რეგიონში, სოფელში, სადაც ხალხმა დაკარგა ყველანაირი იმედი. ყველა დუმილს არჩევს, მაშინ, როდესაც ხალხს წლები ვასწავლიდით, რამხელა ძალა აქვს მათ ხმას. დღეს ჩვენ საზოგადოებაში საუბარი და აზრის გამოხატვა დასჯადია, პროტესტი დანაშაულია და ეს მოსახლეობისთვის მკაცრი გაკვეთილია. 

დღეს ვხედავთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მტრად გამოაცხადეს, დააყადაღეს ან დახურეს, მედია მიკერძოებული და არაობიექტურია, პოლიცია უმოქმედოა და ვინც ამას აპროტესტებს, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი, თუ პროფესიული საქმიანობისა, იგი ციხეშია. დღეს ვხედავთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობა დასჯადია, კრიტიკული აზრის ქონა დასჯადია და ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ ხალხმა დროებითი სახალხო მხარდაჭერა მაინც მიიღოს ისაა, რომ ინფორმაცია მედიაში გამოაქვეყნოს. თუმცა თითზე ჩამოსათვლელიღაა იმ მედიების რაოდენობა, რომლებიც ობიექტურ ინფორმაციას გადასცემენ. დაიხურა 1 და დახურვის პირასაა კიდევ 2 მედია არხი, დაპატიმრებული არიან ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური ლიდერები და საფრთხის ქვეშაა ყველა, ვინც პროტესტში ღიად არის ჩართული ხალხის ხმის ჩასახშობად. დღეს ჩვენი საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც არიან ახალგაზრდები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, სოფლად მცხოვრები ქალები, არასამთავრობო ორგანიზაციები ხედავენ, რომ უნდა გაჩუმდნენ და არ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის. ყველა დაშინებულია და ყველა ცდილობს გადარჩენას, მაშინ როდესაც ეს წარმოუდგენელია ამ პოლიტიკურ ვითარებაში. 

უკვე ათ წელზე მეტია არასამთავრობო სექტორში ვმუშაობ. ამ წლების განმავლობაში ჩემი საქმიანობა დაკავშირებული იყო ქალებთან, ახალგაზრდებთან, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან. ვატარებდი ტრენინგებს, ვაწყობდი შეხვედრებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებს, ვეხმარებოდი ადამიანებს საკუთარი უფლებების გაცნობასა და დაცვაში.

ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო, რომ სოფლად მცხოვრებ ქალებსა და ახალგაზრდებს ჰქონოდათ განათლების მიღების, დასაქმების, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვიბრძოდით. ჩვენ ვიბრძოდით სიღარიბის, უთანასწორობის, ძალადობის, ინფორმაციის ნაკლებობისა და ადამიანების გარიყვის წინააღმდეგ.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს მტრებად გამოაცხადა. მთავრობის წარმომადგენლები გვეძახიან „აგენტებს“, გვადანაშაულებენ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებაში და ცდილობენ მოსახლეობა დაარწმუნონ, თითქოს ჩვენი საქმიანობა საქართველოსა და ქართულ ტრადიციებს ებრძვის.

ეს არის ტყუილი.

ჩვენი საქმიანობა ემსახურებოდა საქართველოს მოქალაქეებს. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ვატარებდით ტრენინგებს, ვქმნიდით საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, ვეხმარებოდით ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ვაძლიერებდით ახალგაზრდებს და ხელს ვუწყობდით სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის მშვიდობიან თანაცხოვრებას.

იმ პროექტების დიდი ნაწილი, რომლებსაც დღეს ხელისუფლება „უცხოურ გავლენად“ მოიხსენიებს, რეალურად სახელმწიფოს იმ მოვალეობებს ასრულებდა, რომელთა შესრულებაც თავად ხელისუფლებას ევალებოდა.

როდესაც სოფელში ქალს პროფესიული განათლების მიღებაში ვეხმარებოდით, ეს არ იყო უცხო ქვეყნის ინტერესების გატარება.

როდესაც ახალგაზრდებს ვასწავლიდით, რატომ არის მნიშვნელოვანი არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი ხმის დაცვა, ეს არ იყო დანაშაული.

როდესაც ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ვმუშაობდით, ეს არ იყო ქვეყნის ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა.

2023 წელს ხელისუფლებამ პირველად სცადა ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღება. მასშტაბური პროტესტის შედეგად კანონი უკან გაიწვიეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ, 2024 წელს, ის კვლავ მიიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მოგვთხოვეს, დავრეგისტრირებულიყავით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა დაგვეთანხმებინა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დახმარებით უცხო ქვეყნის ინტერესებს ვემსახურებოდით.

ჩვენ ამ მოთხოვნას არ დავთანხმდით.

ამის შემდეგ დაიწყო კანონების კიდევ უფრო გამკაცრება. ხელისუფლებამ მიიღო რეგულაციები, რომლებიც ორგანიზაციებს მთავრობის ნებართვის გარეშე საერთაშორისო გრანტების მიღებას უზღუდავს. საფრთხე შეექმნა არა მხოლოდ ორგანიზაციებს, არამედ თითოეულ ადამიანს, რომელიც მოხალისეობრივად ან საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად მუშაობს.

2026 წელს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ახალი კანონებით არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობას შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც მოჰყვეს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის გამო შეიძლება თავისუფლების აღკვეთაც კი დაემუქროს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს კანონები გამჭვირვალობას ემსახურება, მაგრამ სინამდვილეში არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში წარვადგენდით ფინანსურ და საქმიანობის ანგარიშებს როგორც დონორებთან, ისე შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.

ამიტომ მთავარი მიზანი გამჭვირვალობა არ არის.

მთავარი მიზანია სამოქალაქო სექტორის გაჩერება, ადამიანების დაშინება და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციების განადგურება.

ზეწოლა განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა რეგიონებში. პატარა ქალაქებსა და სოფლებში ყველა ერთმანეთს იცნობს. ხელისუფლების წარმომადგენლებს მარტივად შეუძლიათ გაარკვიონ, ვინ მივიდა შეხვედრაზე, ვინ დაესწრო ტრენინგს, ვინ გააკრიტიკა ადგილობრივი მთავრობა და ვინ გამოხატა განსხვავებული აზრი.

ჩვენს შეხვედრებზე მოსულ ადამიანებს სამსახურიდან გათავისუფლებით, სოციალური დახმარების შეწყვეტითა და სხვა პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ. საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ხშირად პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ჩვენს ღონისძიებებზე არ მოსულიყვნენ, იყო შემთხვევაც, რომ პირადად ჩემს მიერ ჩატარებული ტრენინგის მიერ, რომელიც აქტიურ მოქალაქეობაზე ჩავატარე, ორი ადამიანი გაუშვეს სოციალურად დასაქმებული სამსახურიდან, 2025 წლის სექტემბერში ჩატარებული ტრენინგის შემდეგ. 

ზეწოლა პირადად მეც განვიცადე.

ჩემი პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის გამო ვიღებდი მუქარის შემცველ შეტყობინებებსა და სატელეფონო ზარებს. ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მეშვეობით მითვლიდნენ, რომ პროტესტებში მონაწილეობა შემეწყვიტა და ხელისუფლების კრიტიკისგან თავი შემეკავებინა.

ჩემს მამასთანაც მივიდნენ და უთხრეს, რომ თუ არ გავჩერდებოდი, დავისჯებოდი. ხშირად ვამჩნევდი მუქი მინებით ავტომობილს, რომელიც სამსახურთან იდგა და სხვადასხვა შეხვედრაზე გადაადგილების დროს მომყვებოდა.

2026 წლის 20 თებერვალს ორი უცნობი მამაკაცი ჩემს სახლთან მოვიდა. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს, ოჯახისა და შვილების დახოცვით დამემუქრნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ. თავდასხმა ჩემი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა.

მიღებული დაზიანებების გამო კლინიკაში გადამიყვანეს. მიუხედავად ამისა, ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა და მოგვიანებით საქმე მტკიცებულებების არარსებობის მიზეზით შეწყდა.

როდესაც მოქალაქე ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამის შემდეგ მას ემუქრებიან, უთვალთვალებენ ან ფიზიკურად უსწორდებიან, პოლიციის ვალდებულებაა, დაიცვას ეს ადამიანი და მოძებნოს დამნაშავეები.

როდესაც პოლიცია ამას არ აკეთებს, საზოგადოებაში ჩნდება საფუძვლიანი განცდა, რომ ძალადობა დაუსჯელია და თავდამსხმელები ხელისუფლების მხარდაჭერით ან მისი თანხმობით მოქმედებენ.

დღეს საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მეტად თავისუფალი და ინფორმირებული მოქალაქეების ეშინია. სწორედ ამიტომ ებრძვიან დამოუკიდებელ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებულ აზრს ღიად გამოხატავენ. ამას კი პოლიციის ძალით აკეთებენ, პოლიციას პარტიული მიზნებისთვის იყენებენ, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობას. მთავრობამ საკუთარ ინტერესებს მოარგო კანონმდებლობა და ვინც, რაიმე საწინააღმდეგო აზრის მქონეა, სწორედ კანონის ძალით ისჯება.

საქართველოს მომავალი ვერ აშენდება შიშზე, მუქარაზე და მოქალაქეების დაყოფაზე. სწორედ ეს გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებმა, საზოგადოება მტრებად და მოკეთეებად დაყო. ხალხი ახლა თუ გაჩუმდება და კარგად ვერ გაიაზრებს, რა გველის უახლოეს მომავალში, ძალიან გვიანი იქნება ამ მარწუხებიდან თავის დაღწევა. 

პირადად ჩემი საზოგადოებრივი აქტიურობის გამო, რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიანი და სამართლიანია, რადგან მე მაქვს ჩემი კონსტიტუციური უფლება, გამოვხატო ჩემი საკუთარი აზრი და პოზიცია, ჩემი მეუღლეც კი გაანთავისუფლეს სამსახურიდან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. 

ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და არა რომელიმე ერთ პარტიას. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, გააკრიტიკონ ხელისუფლება, მიიღონ მონაწილეობა მშვიდობიან შეკრებებში, იმუშაონ საერთაშორისო პარტნიორებთან და დაეხმარონ საკუთარ საზოგადოებას ისე, რომ ამის გამო აგენტებად და ქვეყნის მტრებად არ გამოაცხადონ.

მე არ ვარ უცხო ქვეყნის აგენტი.

მე ვარ საქართველოს მოქალაქე, დედა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის ადამიანების უფლებებისა და უკეთესი მომავლისთვის მუშაობდა.

შეიძლება ხელისუფლებამ ორგანიზაციები დროებით გააჩეროს, დაფინანსება შეუწყვიტოს, ადამიანებს დაემუქროს და განსხვავებული აზრის ჩახშობა სცადოს, მაგრამ თავისუფლებისა და სამართლიანობის სურვილს ვერც ერთი კანონი ვერ გააუქმებს.

ჩვენი გაჩუმება ნიშნავს, რომ ძალადობას, უსამართლობასა და ავტორიტარიზმს დავთანხმდით.

ამიტომ არ უნდა გავჩუმდეთ.