Home ბლოგი ნატა ვიბლიანის საქმეზე გამომძიებელი პოლონეთში ჩავიდა- ვარშავაში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამომძიებელი პოლონეთში ჩავიდა- ვარშავაში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

ნატა ვიბლიანის საქმეზე გამომძიებელი პოლონეთში ჩავიდა- ვარშავაში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

“რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ვიბლიანის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი გამომძიებელი პოლონეთში ჩავიდა.

გამოცემის ცნობით, ვარშავაში საგამოძიებო მოქმედებები 12 და 13 აგვისტოს ჩატარდა. გამომძიებელმა ქალი გამოკითხა და მისი სხეულის დაზიანებები აღწერა.

ადვოკატის, მარიამ ბარსონიძის განცხადებით, გამოძიებამ ვიბლიანის ნერწყვის ნიმუში აიღო. ასევე აღიწერა დაზიანება იღლიის ქვედა ნაწილში, რომელიც, ნატა ვიბლიანის მონათხრობის მიხედვით, მას შემდეგ მიადგა, რაც ერთ-ერთმა პირმა ცხენზე გამოაბა და ათრია.

ვიბლიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვებში აცხადებს, რომ 1990-იან წლებში, ბავშვობაში, სვანეთში თანასოფლელების მხრიდან სისტემური სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მისი თქმით, ძალადობაში ოთხი პირი მონაწილეობდა.

საჯარო განცხადებების შემდეგ, პოლიციამ გაუპატიურების მუხლით გამოძიება 2026 წლის 13 ივნისს, 35 წლის შემდეგ დაიწყო.

ქალს დაზარალებულის სტატუსი 12 აგვისტოს მიენიჭა.

ადვოკატის თქმით, ივლისის ბოლოს ვიბლიანი ოთხი დღის განმავლობაში დისტანციურად აძლევდა ჩვენებას საქართველოს საგამოძიებო უწყებას.

ის დეტალურად საუბრობდა ბავშვობაში მის მიმართ განხორციელებული ძალადობის, ორსულობისა და მშობიარობის შესახებ და გამოძიებას ასევე სთხოვა, მოიძიოს მის მიერ წარსულში გაჩენილი ბავშვის ადგილსამყოფელი.

„რადიო თავისუფლება” ასევე ესაუბრა ერთ-ერთი პირის ადვოკატს, რომლის მიმართაც ნატა ვიბლიანი ბრალდებებს აყენებს.

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯიმშერ ვიბლიანი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და არასრულწლოვან ნატა ვიბლიანის მიმართ რაიმე სახის ძალადობას გამორიცხავს.

ამ ეტაპზე ვიბლიანის მიერ დასახელებული პირებისთვის ბრალი წარდგენილი არ არის.