Home ბლოგი გურჯაანში ობელისკების ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად 60 წლის ნუგზარ მგალობლიშვილი დაიღუპა

გურჯაანში ობელისკების ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად 60 წლის ნუგზარ მგალობლიშვილი დაიღუპა

გურჯაანში, ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად, 60 წლის ნუგზარ მგალობლიშვილი დაიღუპა.

ტრაგედია დიდების მემორიალის ჩასასვლელში გამთენიისას მოხდა. ამორტიზირებული ბეტონის საფარი ჩატყდა და მამაკაცი ათწლეულების წინ გაუქმებულ, მიწისქვეშა წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა.

გარდაცვლილის მეზობლების თქმით, ადგილს ზევიდან გრუნტი და მწვანე საფარი ფარავს, რის გამოც ვიზუალურად უსაფრთხო ჩანს, რეალურად კი საფარმა სიმძიმეს ვეღარ გაუძლო.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ტერიტორია ბავშვების სათამაშო სივრცესა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს წარმოადგენს, თუმცა, სრულად მოუწესრიგებელი იყო.

ისინი გურჯაანის მერიას არსებული საფრთხის შესახებ რეაგირებას სისტემატურად სთხოვდნენ.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ადგილობრივები შესაბამისი უწყებებისგან პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.