Home ბლოგი გურჯაანის ღვინის ფესტივალმა 10 წლის იუბილე აღნიშნა ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის...

გურჯაანის ღვინის ფესტივალმა 10 წლის იუბილე აღნიშნა ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრნენ

გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალი გაიმართა, რომელმაც წელს დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.

საიუბილეო ფესტივალის მთავარი გზავნილი „თანამედროვე მემკვიდრეობა“ იყო, რომელიც ქართული მეღვინეობის 8000-წლიან ისტორიასა და თაობებს შორის ტრადიციების უწყვეტ კავშირს უსვამდა ხაზს.

წელს ფესტივალში 500-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული ღვინო და გაცნობოდნენ ადგილობრივი მეღვინეების პროდუქციას.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, გურჯაანის ღვინის ფესტივალი წლების განმავლობაში მნიშვნელოვან ტრადიციად ჩამოყალიბდა და მეწარმეებისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენისა და ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობას ქმნის.

„ვულოცავ გურჯაანის ღვინის ფესტივალს 10 წლის იუბილეს. წლების განმავლობაში ფესტივალი მნიშვნელოვან ტრადიციად ჩამოყალიბდა და ქართველი მეღვინეების, მევენახეებისა და მეწარმეებისთვის საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის, მომხმარებელთან შეხვედრისა და საქმიანი ურთიერთობების დამყარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათი ბიზნესის განვითარებას. წელს, ფესტივალზე 500-ზე მეტი მეწარმეა წარმოდგენილი, რაც ღონისძიების მასშტაბურობასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. ფესტივალი უამრავ ქართველ და უცხოელ სტუმარს მასპინძლობს და კახეთს შემოდგომის პერიოდში განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. ეს ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რეგიონის სტუმართმასპინძლობის ტრადიციას და ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაციასა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას“,

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და კახეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე ათი წელია აერთიანებს მეღვინეებს, მეწარმეებსა და ღვინის მოყვარულებს. ღონისძიება კახეთის შემოდგომის ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად იქცა.