Home რეგიონი თელავი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 27 თებერვალს 5 საკითხი განიხილა და უმრავლესობით მხარი დაუჭირა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 27 თებერვალს 5 საკითხი განიხილა და უმრავლესობით მხარი დაუჭირა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 27 თებერვალს 5 საკითხი განიხილა და უმრავლესობით მხარი დაუჭირა

დღის წესრიგში იყო 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების ზონირება, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის საპროექტო წინადადებების მოწონება, რაც სოფელ თეთრიწყლებში ჭაბურღილის მოწყობასა და სოფელ კობაძეში შიდა საუბნო გზების მოასფალტებას გულისხმობს.

განიხილეს განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული და ბირთვული ობიექტების სანებართვო მოსაკრებლის წესის ცვლილება.

სხდომაზე პარტია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ დეპუტატი, ლევან ბერძენაშვილი, საკალათბურთო კლუბ „თელავის“ 390 ათასი ლარიანი დაფინანსებით დაინტერესდა და კითხვა დასვა, ხომ არ დაემართება იგივე, რაც დეკემბერში დაფინანსებულ სარაგბო კლუბ „ჭადარს“, რომელიც დაიშალა.

საკრებულოს თავმჯდომარის, არჩილ თხლაშიძის განმარტებით, რაგბის კლუბს ფედერაციისა და მერიის მხრიდან აქვს დაფინანსება, კალათბურთისთვის კი აკადემიის შექმნა იგეგმება.

ბერძენაშვილი მერიის ჩავარდნილი ტენდერების საკითხსაც შეეხო, რომლებიც ჭავჭავაძის ქუჩის ჩიხებს, კავკასიონის ქუჩასა და რამდენიმე სოფელში ავტობუსების გაჩერებებს მოიცავს.

განმარტების მიხედვით, მშენებლები დაბალი ფასების გამო ერიდებიან მონაწილეობას და საჭირო იქნება ხელახალი გადაფასება.

ყურადღება გამახვილდა მიუსაფარი ძაღლების პრობლემასა და ვოლიერის მშენებლობაზე. მერიის ინფორმაციით, ვოლიერს დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. მანამდე, მერიამ დროებითი თავშესაფარი მოაწყო, სადაც 40 მდე აგრესიული ძაღლი გადაიყვანეს.

პარკირების საკითხზე, ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გადატვირთულია, საპარკინგე ნაწილი ავტობაზრობითაა დაკავებული.

მან ინიციატივა წამოაყენა, რომ დასავლეთის მხარეს მოძრაობა ისევ აღდგეს. თბს და საქართველოს ბანკებთან მოწყობილი თვითნებური პარკინგი, სადაც მოქალაქეებს თანხას ართმევენ, მისი შეფასებით, კრიმინალია.

საკრებულოში განმარტეს, რომ ამ საკითხებზე მუშაობა გრძელდება.