სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა თბილისში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გამოავლინეს პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ
ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია 2006 წელს დაბადებული პირი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მაღრაძის განცხადებით, კიდევ რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
სამართალდამცავებმა მათგან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღეს და მიმდინარეობს მათი დეტალური შესწავლა. შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება თითოეული პირის მიმართ ინდივიდუალურად, მტკიცებულებების საკმარისი სტანდარტის არსებობის შემთხვევაში განხორციელდება.
„-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე გააჩნია თანამედროვე ტექნიკური საშუალებები აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, – თქვა ლაშა მაღრაძემ.





















