1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალება – ახალი განმარტება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო თანდილაშვილი მთავრობის მიერ მიღებულ დადგენილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 1 აპრილიდან საქართველოში აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, ასევე მათი პირველადი და დროებითი რეგისტრაცია.
მისი განმარტებით, რეგულაცია ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც პირადი სარგებლობისთვის გეგმავენ ავტომობილის შემოყვანასა და რეგისტრაციას.
ახალი წესის თანახმად, 1 აპრილიდან ქვეყანაში დასარეგისტრირებელი მსუბუქი ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ორ ძირითად მოთხოვნას : არ უნდა იყოს 6 წელზე მეტი ასაკის და უნდა შეესაბამებოდეს ევრო 5-ის ემისიის სტანდარტს.
ევრო 5-ის სტანდარტი საქართველოში უკვე ორი წელია მოქმედებს და განსაზღვრავს ავტომობილის გამონაბოლქვის დასაშვებ ნორმებს.
თანდილაშვილის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებმაც ავტომობილი უკვე შეიძინეს და 1 აპრილამდე დაიწყებენ მის ტრანსპორტირებას, რეგისტრაციას ჩვეულებრივად შეძლებენ, მათ შორის 1 აპრილის შემდეგაც, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
„-თუ ტრანსპორტირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ იქნება წარმოდგენილი, ავტომობილის ქვეყანაში შემოყვანა შესაძლებელი იქნება, თუმცა მისი რეგისტრაცია ვერ განხორციელდება,“ – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.





















