კომპანია „ფერი“ პანკისის ხეობაში დაგეგმილი „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებას აღარ აპირებს
ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა BMG-ს განუცხადა.
მისი თქმით, “ფერი” სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს და პროექტზე დროისა და რესურსის დახარჯვას აღარ გეგმავს.
„-ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, ამ პროექტის განხორციელების არანაირი ინტერესი აღარ გვაქვს. მივმართავთ სახელმწიფოს, რომ ხელშეკრულება შეწყდეს. არ ვიტყვი, რომ პრობლემის აღმოფხვრის პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა ამაზე დროისა და რესურსის ხარჯვა ჩვენს კომპანიას აღარ სურს“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
გადაწყვეტილება მთავრობის მიერ გამოცხადებულ “ენერგეტიკულ ამნისტიას” უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ინვესტორებს, რომლებმაც ჰესების მშენებლობის ვადები დაარღვიეს, დაკისრებული ჯარიმები ეპატიებათ, თუ ისინი 2026 წლის 16 მარტამდე წარმოადგენენ განახლებულ საბანკო გარანტიებს და ახალ სამშენებლო გრაფიკს, ან სრულად დატოვებენ პროექტს.
იორდანიშვილის თქმით, სექტორში არსებული პრობლემები კომპლექსურია და მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტით არ შემოიფარგლება. მისივე განმარტებით, გამოწვევებს შორისაა ელექტროგადამცემი ხაზების დაგვიანება და დაფინანსების მოზიდვის სირთულეები.
„ხადორი 3“-ის პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე უნდა განხორციელებულიყო. მცირე ჰესის დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ-ს შეადგენდა.
პროექტი 2019 წელს პანკისის ხეობაში მასშტაბური დაპირისპირების მიზეზად იქცა, როდესაც სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ადგილობრივების პროტესტი და სამართალდამცველებთან შეტაკება მოჰყვა.





















