ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სტუ-ის რექტორთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრის შედეგად მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თსუ-სთან.
“ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ პრინციპის ფარგლებში, სტუ ჩამოყალიბდება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად.
ირაკლი კობახიძე ბრიფინგამდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ პერსონალს შეხვდა.
ცნობისთვის, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება 29 იანვარს გახდა ცნობილი და მას აკადემიური წრეების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
თსუ-ის სენატმა აღნიშნა, რომ გაერთიანების ინიციატივა არ იყო დასაბუთებული და მიზანშეწონილი, ხოლო სტუ-ის აკადემიურმა საბჭომ განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა უნივერსიტეტის ავტონომიის შეზღუდვას, მათ შორის შესაძლო შერწყმის გზით და პროცესის შეჩერება მოითხოვა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, ხოლო მომდევნო აკადემიური წლისთვის სხვა მიმართულებებზე სტუდენტთა მიღება აღარ გამოცხადდება.





















