გურჯაანში ისტორიული ეკლესია რეაბილიტაციას საჭიროებს
სოფელ გურჯაანში, „ყველაწმინდისკენ“ მიმავალ გზაზე მდებარე „ქაშუეთის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მახლობლად არსებული ღვთისმშობლის სახელობის პატარა დარბაზული ნაგებობა, ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას საჭიროებს.
ინფორმაციას, ამის შესახებ, ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ავრცელებს.
მისი თქმით, წმინდა გიორგის ეკლესია თავის მხრივ, XVIII საუკუნით თარიღდება, 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს და 2014–2015 წლებში მას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. წარსულში აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებდა.
მარკოზაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პატარა დარბაზული ეკლესიის დაზიანებული მდგომარეობა დაუყოვნებელ სარესტავრაციო ჩარევას საჭიროებს, რათა ძეგლი სრულად არ განადგურდეს და ისტორიული მნიშვნელობა შენარჩუნდეს.





















