4 თებერვალს მსოფლიოში კიბოს დღე აღინიშნება, ამ დღეს საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამართული ღონისძიება მიეძღვნა
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი კიბოს სკრინინგის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მოსახლეობის ინფორმირებულობაზე გაკეთდა.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სკრინინგის პროგრამები ხელმისაწვდომია ყველა რეგიონში ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს მიმართულებით.
მისი თქმით, პრევენციული სერვისების გაძლიერება ხელს უწყობს კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენასა და ეფექტიან მართვას.
ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა.
აღინიშნა, რომ სახელმწიფომ ონკოლოგიური სერვისები პაციენტზე მორგებულად გაამარტივა : ქიმიოთერაპიის პროცედურებისთვის საჭირო მედიკამენტები იქვე გაიცემა, სადაც პროცედურა ტარდება.
ონკოპრეპარატებზე მოიხსნა 25 000-ლარიანი ლიმიტი, შეიქმნა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი. ხოლო ბავშვთა ონკოლოგიური მკურნალობა სრულად ფინანსდება როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, პარლამენტის კომიტეტის წევრები, გაეროსა და ჯანმოს წარმომადგენლები, ექსპერტები და სფეროს პროფესიონალები.





















