Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანსა და თელავში პროფესიული კოლეჯების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

გურჯაანსა და თელავში პროფესიული კოლეჯების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

გურჯაანსა და თელავში, პროფესიული კოლეჯების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ქალაქ გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს.

21 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ, უახლესი სტანდარტების შესაბამის პროფესიულ კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები.

შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და აღიჭურვება საჭირო ინვენტარითა და თანამედროვე ტექნიკით. კოლეჯის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე.

ქალაქ თელავში კი პროფესიული კოლეჯ „პრესტიჟის“ ტერიტორიაზე, მიმდინარეობს სახელოსნოების მშენებლობა, სადაც დასრულების შემდეგ განხორციელდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის: საბათქაშე სამუშაოების წარმოება, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი, სამღებრო სამუშაოების შესრულება, შედუღება, კერამიკული ნაკეთობების დამზადება და სხვა მიმართულებები.

მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ლევან კერესელიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.