გურჯაანში გზის რეაბილიტაციის საქმეზე ოთხ პირს ბრალდება წარედგინა
წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, შპს „ევროგზის“ დირექტორსა და ბუღალტერს, შპს „ბილტმორის“ დირექტორს და ინსპექტირების ორგანო შპს „ექსპერტჰაუსის“ ყოფილ ზედამხედველს ბრალდება წარედგინათ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მერიასა და შპს „ბილტმორს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის, შპს „ევროგზის“ მიერ განხორციელდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო ღირებულებით 477 551 ლარი.
სამუშაოებს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაქირავებული შპს „ექსპერტჰაუსი“, რომლის დასკვნის საფუძველზეც მოხდა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება.
თუმცა საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რეალურად შესრულებულ სამუშაოებსა და წარმოდგენილ შესრულების აქტებს შორის გამოვლინდა 38 158 ლარის სხვაობა.
გამოძიების მიხედვით, აღნიშნული თანხა პასუხისმგებელმა პირებმა თაღლითურად მიითვისეს, რითაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული საქმე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიებების ერთ-ერთი ეპიზოდია.
საერთო ჯამში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს მასშტაბით 21 პირია დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული.





















