საპროტესტო აქცია მანავში, მოსახლეობა სკოლის სარემონტო სამუშაოების დასრულებას ითხოვს
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოქალაქეები სკოლის სარემონტო სამუშაოების დასრულებასა და სასწავლო პროცესის აღდგენას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების თქმით, სკოლის რეაბილიტაცია წლებია მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოები დროში უსასრულოდ იწელება. ამის გამო, მოსწავლეებს განათლების მისაღებად მეზობელ სოფლებში სიარული უწევთ.
ადგილზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ კაკუტაშვილი მივიდა. მისი განცხადებით, მანავის სკოლის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეასრულოს.
თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა მერიის განცხადებას სკეპტიკურად შეხვდა. მათი თქმით, მსგავსი დაპირებები არჩევნებამდე არაერთხელ მოისმინეს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
მანავის მაცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტონ.





















