ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბრალდებული ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სოფელ გურგენიანში აიყვანა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 2025-2026 წლებში სხვადასხვა დასახელების ბრენდულ ვადაგასულ პროდუქტს ყიდულობდა, რომელიც ცხოველების საკვებად უნდა გამოეყენებინა.
მოგვიანებით კი, კუსტარულად დამზადებული ბეჭდის მეშვეობით, პროდუქციას ვარგისიანობას ვადას უცვლიდა და მოსახლეობაზე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოდან ყიდდა.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან შეიძინეს ბრენდირებული ვადაგასული პროდუქცია.
ჩხრეკის შედეგად კი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ სასაწყობე ფართსა და ავტომობილში ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ვადაგასული პროდუქცია, ვარგისიანობის ვადის შესაცვლელად გამოყენებული კუსტარული ბეჭედი და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული თანხა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქონლის რეალიზაციას გულისხმობს.





















