რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა.
დაკავებულთა შორის 10 არასრულწლოვანია, რის გამოც სხდომა დახურულ ფორმატში ჩატარდა.
საქმის მასალების მიხედვით, დაჯგუფების წევრების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულია ათზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. გამოძიება მათ ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობასა და ძალადობრივ დანაშაულებს ედავება.
პოლიციამ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი 16 იანვარს დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები თავს ფაშისტური/ნეონაცისტური იდეოლოგიის მიმდევრებად მიიჩნევდნენ და ამავე მოტივით სხვადასხვა პირის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ.
ისინი განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ პირებს, ვინც მათ იდეოლოგიას არ იზიარებდა. ძალადობის კადრებს კი სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმაზე ათავსებდნენ.
სამართალდამცველების ცნობით, დანაშაულებრივი საქმიანობა სისტემურ ხასიათს ატარებდა.





















