შილდაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ მამა – შვილს ბრალდება წარუდგინა
ლევან ჩიტაშვილთან ერთად, დაკავებულია მისი შვილი. ორივე მათგანს ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ედავებიან.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს ბრალდებულმა კაცმა შვილთან ერთად ფიზიკურად იძალადა მეუღლესა და მეზობელ ნოდარ ასაბაშვილზე და მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
8 იანვარს, ლევან ჩიტაშვილი უკვე მეზობლის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და შურისძიების მოტივით, ასაბაშვილს გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებებით, მამაკაცი გარდაიცვალა.
ჩიტაშვილს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და მუქარის ფაქტებზე წარედგინა. მისთვის სასჯელის მაქსიმალური ვადა 15 წლამდე პატიმრობით განისაზღვრება.
ბრალდებულის შვილს კი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ედავებიან, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.





















