Home რეგიონი თელავი თელავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დასრულდა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 48 მილიონ 690 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

სხდომაზე აღინიშნა, რომ თელავის მერიამ საკრებულოს მიერ წარდგენილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების უმრავლესობა ბიუჯეტის შესწორებულ პროექტში გაითვალისწინა, რაც კომისიის წევრების შეფასებით, პროცესის კონსტრუქციულობაზე მიუთითებს.

კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2026 წელს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 5 მილიონ 516 ათასი ლარი დაიხარჯება. სკოლამდელი განათლების დაფინანსება 10 მილიონ 956 ათასი ლარით არის განსაზღვრული, ხოლო კულტურისა და სპორტის განვითარებისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის ბიუჯეტში 8 მილიონ 671 ათასი ლარია გამოყოფილი.

აღნიშნული მიმართულებებით მომავალ წელს დაგეგმილი ღონისძიებები კომისიის წევრებს დეტალურად გააცნეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა გიორგი ენუქიძემ, ასევე მერიას დაქვემდებარებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა.

კომისიის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის ფარგლებშიც დეპუტატებმა ბიუჯეტის პრიორიტეტებთან დაკავშირებული საკითხები კიდევ ერთხელ დააზუსტეს.

თელავის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი საბოლოოდ დასამტკიცებლად საკრებულოს დეკემბრის ბოლოს წარედგინება.