ამის შესახებ განცხადება ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გააკეთა.
17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი გათანაბრდება ჰიბრიდებთან და ექნება დაბალი ფასი.
თეთრი ყურძნის შემთხვევაში, 17-21% და წითელი ყურძნის შემთხვევაში 17-23% შაქრიანობის ყურძნის ფასი იქნება 1 ლარზე ნაკლები.
ყურძენი საღვინედ შეფასდება – თეთრი ყურძნის შემთხვევაში 21%-ზე და წითელი ყურძნის შემთხვევაში 23%-ზე მეტი შაქრიანობის/კონდიციურობის ყურძენი.
მეხუზლას თქმით, ვენახის გაშენება უნდა მოხდეს სტანდარტების დაცვით, როგორიცაა ნიადაგი, ექსპოზიცია, სიმაღლე, ჯიში და საძირი. ცვლილებები ეხება მხოლოდ კომერციულ ვენახებს და არ შეეხება უკვე გაშენებულ ან პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილ ვენახებს.
-“მეღვინეობის დარგის სტაბილურად განვითარებისთვის, ღვინის ხარისხზე ზრუნვა, ვენახიდან უნდა დავიწყოთ. ხარისხიანი ღვინის მისაღებად, საჭიროა ყურძენი მივიდეს საჭირო სიმწიფემდე და ვაზი იყოს ნაკლებად დატვირთული. გასული წლის რთველმა გვიჩვენა, რომ ზოგიერთი მევენახე არ იცავს ამ პირობებს. იმ ფონზე, როცა მსოფლიო ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, 2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის სამი განსხვავებული ფასი.“- განმარტა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.
ცვლილებები ასახულია „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებშიც, რომლებიც განსაზღვრავს ვენახის გაშენებისათვის სახელმწიფო თანხმობის მიღების წესებს.





















