Home დღის ამბები საზოგადოება საქართველოში ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება 2026 წლიდან იკრძალება

საქართველოში ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება 2026 წლიდან იკრძალება

საქართველოს მთავრობამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც 2026 წლის 1 იანვრიდან რიგი ერთჯერადი პლასტმასის საგნების გამოყენება აიკრძალება.

რეგულაცია კრძალავს პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლის, სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების წარმოებას, იმპორტსა და ბაზარზე განთავსებას.

ასევე იკრძალება ასეთი ჭურჭლით მზა სურსათის მიწოდება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში.

დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდსაც ითვალისწინებს. ბაზარზე უკვე არსებული პლასტმასის ჭურჭელი განთავსებული იქნება რეგულაციის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში. კვების ობიექტებს კი მისი გამოყენება 6 თვე შეეძლებათ.

რეგულაციის აღსრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური გააკონტროლებენ.

ექსპორტის მიზნით პლასტმასის ერთჯერადი ნივთების წარმოება ნებადართული დარჩება, თუმცა მწარმოებელმა ამის შესახებ უწყებას წინასწარ უნდა აცნობოს.