Home დღის ამბები საზოგადოება პაპუნა სარალიძის საქმეზე გამოძიება 7 თვეა უმოქმედოა – თელავში კაცს პოლიტიკური პოსტის...

პაპუნა სარალიძის საქმეზე გამოძიება 7 თვეა უმოქმედოა – თელავში კაცს პოლიტიკური პოსტის გამო გაუსწორდნენ

სარალიძის შვილი, სამოქალაქო აქტივისტი, ანა სარალიძე წერს, რომ ოჯახს ამ დრომდე არც გამომძიებელი უკავშირდება და არც ადვოკატისგან აქვს რაიმე სიახლე, ხოლო მოძალადე თავისუფლად გადაადგილდება.

ინციდენტი თელავში 9 აპრილს მოხდა. პაპუნა სარალიძე საკუთარი სახლის წინ ირაკლი პაპალაშვილმა სცემა.

ოჯახის თქმით, თავდასხმის მიზეზი ფბ- ზე სარალიძის მიერ გაზიარებული ვიდეო გახდა, სადაც პაპალაშვილის მამა არაფხიზელ მდგომარეობაში, თელავში, მერიის წინ, პროევროპული აქციის მონაწილეებს უხეშად უკრძალავდა პროტესტს და მათ ბიძინა ივანიშვილის უპატივცემულობასა და ომის სურვილის წახალისებაში ადანაშაულებდა.

ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად დაშავებული კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მენჯის ძვალი ჰქონდა მოტეხილი და ხანგრძლივი, 5-თვიანი რეაბილიტაცია დასჭირდა.

-“7 თვეა, არც გამოძიებისგან და არც ადვოკატისგან არ გვესმის არაფერი. მოძალადე დღემდე თავისუფალია. არ ვაპირებ გაჩერებას, რადგან საქმე ეხება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს. ვინც შეძლებთ მხარდაჭერას, დამიწერეთ. ერთად შეიძლება მაინც მივაღწიოთ მინიმალურ შედეგს, რომელიც ჩვენთვის ყველაფერია.“- წერს დაზარალებულის შვილი, ანა სარალიძე.