სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თურქულის“ საწინააღმდეგოდ 500 ათასი დოზა ვაქცინა შეისყიდა და პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. ვეტერინარები ცხოველებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აცრიან. სააგენტო ცხოველთა მეპატრონეებს მოუწოდებს, ითანამშრომლონ სააგენტოს ვეტერინარებთან და ხელი შეუწყონ ვაქცინაციის პროცესს.
ცნობისთვის, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, დაავადება თურქულის SAT-1 სეროტიპით გამოწვეული აფეთქებების კერები ფიქსირდება, მათ შორის, საქართველოს საზღვართან ახლომდებარე რეგიონებში.
თურქული წყვილჩლიქიანი შინაური და გარეული ცხოველების მაღალკონტაგიოზური, ვირუსული ინფექციური დაავადებაა.
თურქულით ავადდება ყველა სახეობის წყვილჩლიქიანი ცხოველი (მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ირემი, აქლემი და სხვა), დაავადების მიმართ ყველაზე მეტი ამთვისებლობით გამოირჩევა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. ადამიანი თურქულით არ ავადდება.





















