7 ნოემბერს, მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 305 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თელავის მთავარი დღესასწაული „ერეკლეობა“ გაიმართა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყო საგამოფენო სივრცეები და პავილიონები, საბავშვო გასართობი კუთხეები. გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა – გაყიდვა. ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები დახვდათ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. “ერეკლეობა” მიულოცეს და საპატიო თელაველები დააჯილდოვეს – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ვაჟა მაღრაძემ და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ.
ერეკლეობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილ სცენაზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და სტუდიების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
“ერეკლეობის” მრავალფეროვანი ღონისძიებათა პროგრამა ჯგუფი “ურსას” კონცერტით დასრულდება.





















