ახმეტამ კაკო მუხაურის სახელობის ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა.
ასპარეზობაში რუსეთის ფედერაციის რეგიონების უძლიერესი ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ, რაც ისედაც საინტერესო სპორტულ ღონისძიებას, კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას და ინტრიგას მატებდა.
გურჯაანის სპორტული გაერთიანების კლასიკოსებისთვის კი
სწორედ ასეთი რანგისა და მასშტაბის ფორუმში მოპოვებული გამარჯვება გახდა ყველაზე ფასეული და მნიშვნელოვანი.
ამაგდარი მწვრთნელის თამაზ ყიფიანის დამოძღვრილმა შეგირდებმა, პირნათლად გაართვეს თავი დამრიგებლის მიერ დასახულ რთულ ამოცანას და ტურნირიდან მედლებით დახუნძლულები დაგვიბრუნდნენ.
ბრწყინვალედ გაისარჯა
სანდრო თევდორაშვილი, რომელიც ჩემპიონის ოქროს მედალს დაეუფლა. გიორგი გოგინაშვილი მეორე პრიზიორი გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ალექსანდრე აროშვილმა და ნიკოლოზ ქერეჭაშვილმა დაიმსახურეს.
ღონისძიების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდნენ ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები დავით გობეჯიშვილი, თეიმურაზ აფხაზავა, თემურ ყაზარაშვილი და მიხეილ სალაძე.





















