ფესტივალს, რომელსაც 9 წლიანი ისტორია აქვს, 546 მეღვინე და მეწარმე გააერთიანა და ტრადიციულად, ახტალის პარკში გაიმართა.
ადგილზე სხვადასხვა გემოს თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებული ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები ერთ სივრცეში მოექცა, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები ამშვენებდა.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეგუსტაციის სივრცეში წარმოდგენილი ქართული ღვინის დაგემოვნების, ჩურჩხელის მზადებასა და თონეში ტრადიციული პურის ცხობაში, ასევე საწნახლელში ყურძნის დაწურვაში მიეღოთ მონაწილეობა.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების, ღვინის ეტიკეტებისა და ძველი ქართული ღვინისა და მეღვინეობის წიგნების გამოფენები. ასევე გაიმართა ღვინის წარმოების ძველი ხელნაწერების ჩვენება, სომელიეს შოუ და სხვადასხვა მასტერკლასები.
“-გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017 წლიდან ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, ოქტომბრის მეორე შაბათს გურჯაანმა უამრავ სტუმარს უმასპინძლოს. ეს არის განსაკუთრებული დღე, როგორც კახეთისთვის, ისე საქართველოსთვის; ეს არის შესაძლებლობა მცირე და საშუალო მარნებისთვის, მეღვინეებისთვის, რომ საკუთარი ღვინოები გააცნონ ფართო აუდიტორიას; ეს არის შესაძლებლობა, საქმიანი კონტრაქტების გაფორმების და ასეთი არაერთი შემთხვევა ყოფილა, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ღვინის ფესტივალს მონაწილეებისთვის. მოგეხსენებათ, შარშან ფესტივალს 30 ათასზე მეტი სტუმარი ეწვია, წელს უფრო მეტს ველოდებით. ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება მასშტაბები. 500-ზე მეტი მონაწილე გვყავს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფესტივალის აქტუალობას. მინდა, წარმატება ვუსურვო გურჯაანის ღვინის ფესტივალს, მუნიციპალიტეტს და რეგიონს.”- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
საღამოს კულმინაცია – დაიგეგმა დიდ ეკრანზე ესპანეთიVSსაქართველოს საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ჩვენება ესპანეთიდან.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან სოფლის მეურნეობისა და მდგრადი განვითარების სააგენტო, ღვინის ეროვნული სააგენტო და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.