350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცეს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა, პარლამენტის წევრებმა – ირაკლი ქადაგიშვილმა, გელა სამხარაულმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლის ახალი შენობა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად დაათვალიერეს.

სკოლაში მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, ეზო და უსაფრთხოების სისტემები.
შენობაში განთავსებულია, ასევე, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია, სადაც მოსწავლეები თეორიულთან ერთად, პრაქტიკული ცოდნის მიღებას შეძლებენ.
სკოლა სრულად არის ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას.
რეაბილიტაციის განხორციელებამდე, თელავის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. დღეს კი მათ შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სასკოლო გარემოთი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს.
თელავის №2 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის საერთო ღირებულება 5.3 მილიონ ლარს შეადგენს.