თელავში, ყურძნის ახალი მოსავლის ზეიმი „სთველი“ გაიმართა.
ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო მევენახე – ფერმერებისა და ღვინის მწარმოებელი კომპანიების ღვინოები. ტერიტორიაზე მოსული სტუმრებისთვის ჩატარდა თეატრალიზებული წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებმა.
ჩატარდა კონკურსი საუკეთესო ბლენდის შესაქმნელად. ზეიმში მონაწილე ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი რამდენიმე ჯიშის ღვინოებიდან შეირჩა საუკეთესოები. შერჩეული ჯიშის ღვინოებისგან სპეციალურად შეიქმნა ბლენდი – „მეფე ერეკლეს ღვინო“.
პროფესიონალი სომელიებისა და დარგის სპეციალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული ბლენდის ავტორი.
ღონისძიების მიზანია – ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის ამაღლება. კონკრეტულად კი, ნატურალური პროდუქტის – ქართული ყურძნისგან დამზადებული კახური ღვინოების და მათი, როგორც ადგილწარმოშობის ისტორიული დასახელებების პოპულარიზაცია.
ფესტივალის მხარდამჭერია – კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და თელავის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალის სპონსორები არიან:
– საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
– ღვინის ეროვნული სააგენტო;
– საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“;
– შპს „შიოს მარანი“;
– შპს „ფორევერ ჯორჯია ტურ“;
– შპს „სენა ავტო“.





















