Home დღის ამბები სამართალი მკვლელობაში ბრალდებულ ელბურუს გუსეინოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მკვლელობაში ბრალდებულ ელბურუს გუსეინოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, თამარ კაპანაძემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა კაზლარში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ პირთან დაკავშირებით.

8 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა გუსეინოვის ადვოკატი, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობით წარდგენილი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. უფლებადამცველის, ნუგზარ გულბანის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ჩვენებაში წერს, რომ მოკლული ქანან მამედოვი მას დანის დარტყმას თავად უპირებდა და ბრალდებულმა მოიგერია. ამის გამო კი, მისი მტკიცებით, ხელის თითებზე ჭრილობები აქვს მიღებული.

ადვოკატის თქმით, მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს. ის შესაბამისი ექპერტიზის პასუხებსა და გამოკითხვებს ელოდება და არ არის გამორიცხული, რომ მუხლის გადაკვალიფიცირება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, მოითხოვოს.

ოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე დღით ადრე, თანასოფლელებს შორის კონფლიქტი სუფრაზე მოხდა. რის შემდეგაც, გუსეინოვმა მამედოვი მოტყუებით გაიყვანა სახლიდან და დანით სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

მოკლულის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს და შურისძიებით იმუქრება.

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაზლარში 12 აგვისტოს მოხდა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სასამართლო სხდომა საქმეზე მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს ჩაინიშნა.