პარტია „ქართული ოცნება“ ოფიციალურად წარადგენს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს. კანდიდატების სიას პარტიის თავმჯდომარემ და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის მასშტაბით წარუდგინა საზოგადოებას.
კობახიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობით სარგებლობს და ამ ნდობის შენარჩუნება და გაძლიერებაა „ქართული ოცნების“ მთავარ მიზანი. იგი მადლობას უხდის მოქმედ მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და სხვა ადგილობრივ ხელმძღვანელებს, რომლებმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით ემსახურებოდნენ თავიანთ მუნიციპალიტეტებს.
წარდგენილი 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია. გარდა ამისა, არის ახალი სახეებიც, რომლებიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წარადგენენ „ქართულ ოცნებას“.
კახეთის რეგიონში 8 მუნიციპალიტეტიდან 5-ში მერობის კანდიდატებად ისევ მოქმედი მერები იქნება:
- ახმეტაში — ალექსი ფიცხელაური
- გურჯაანში — გიორგი მაჭავარიანი
- დედოფლისწყაროში — ნიკოლოზ ჯანიაშვილი
- ლაგოდეხში — ჯონდო მდივნიშვილი
- სიღნაღში — მალხაზ ბეგიაშვილი
ყვარელში კანდიდატად წარადგინეს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ილია მზექალაშვილი, საგარეჯოში – საჯარო მოსამსახურე ვახტანგ კაკუტაშვილი, ხოლო თელავში კახეთის საოლქო პროკურორის მოქმედი მოადგილე ვაჟა მაღრაძე.





















