საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 გაიმარჯვა.
„აირ ალბანია არენაზე“ გამართულ თამაშში ვილი სანიოლმა „ჯვაროსნების“ შემადგენლობა არ შეცვალა და იგივე თერთმეტერული გამოიყვანა, რომელმაც ჩეხეთთან შეხვედრა დაიწყო.
პირველად თამაში მასპინძლებმა გამწვავეს, მაგრამ ჰოჯას დარტყმა უშედეგო გამოდგა. მერე ჩაკვეტაძემ სცადა გოლის გატანა, თუმცა მას მცველი გადაეფარა, კიტეიშვილის გასროლა კი მიზანს აცდა.
ჩვენი ნაკრების შეტევები უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა. კაკაბაძის გამჭოლი პასის შემდეგ დარტყმა კვარაცხელიას შეეძლო, მაგრამ ის ბურთს ვერ შეწვდა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
სანიოლის გაწვრთნილ გუნდს 69-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით მიქაუტაძემ, ქოჩორაშვილმა და კაკაბაძემ ვერ ისარგებლეს. 71-ე წუთზე კი გიორგი ქოჩორაშვილი ორ ფეხბურთელს გასცდა და საჯარიმოს გარედან შესანიშნავი გოლი გაიტანა – 1:0.
საქართველოს ნაკრებს ანგარიშის გაზრდა 87-ე წუთზე შეეძლო, ზურიკო დავითაშვილის დარტყმული ბურთი ალბანელთა მეკარემ მოიგერია, 90-ე წუთზე კი მან თავისი გუნდი გიორგი ჩაკვეტაძის დარტყმის შემდეგ გადაარჩინა.
საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. 14 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული გუნდი უკრაინას პოლონეთში შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთს უმასპინძლებს.