თელავის რაიონულმა სასამართლომ, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება- მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა მიიღო.
აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გასამართლდა- მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 143-ე – თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.
არსებული ინფორმაციით- 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს ასიმ სადიკოვმა მოკლა, რომელმაც გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა აითაჯ შახმაროვას მამა, რომლის თქმითაც, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღო.
„ახლა ისე ვგრძნობ თავს თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია. ეს იყო ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება. ის იმსახურებს სამუდამო პატიმრობას. დაგეგმილად გაკეთა, გამიზნულად მოკლა ჩემი შვილი. მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ ის არ არის კაცი, რადგან ქალზე ხელი აწია და მოკლა. მე არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი გაათხოვეს, არაფერი ვიცოდი. მალე ვაპირებდი ჩამოსვლას და ეს მოხდა. ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ამ საქმეში დამნაშავეა“, – ამბობს აითაჯის მამა, ისა შახმაროვა.
შეგახსენებგ, ათაჯ შახმაროვას საქმეზე რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის აითაჯის დედა და ბიძა.