Home დღის ამბები კახეთს 2 ახალი ნაგავმზიდი გადაეცა

კახეთს 2 ახალი ნაგავმზიდი გადაეცა

კახეთს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი ნაგავმზიდები გადაეცა.

გადაცემის ღონისძიებას დაესწრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − ნიკა ტყემალაძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ – რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და კომპანია “ჯითის” წარმომადგენლები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 82, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (ჯამში 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება.

მათ შორის, ამ ეტაპისთვის 2 ნაგავმზიდი გადაეცა კახეთის რეგიონს, აქედან, 1 ნაგავმზიდი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს და 1 ნაგავმზიდი ახმეტის მუნიციპალიტეტს.

ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა, ხოლო ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

რეგიონების განვითარება ხელისუფლების პრიორიტეტია. განხორციელებული აქტივობა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის კუთხით, ასევე, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა ერთჯერადი არ არის. მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებში არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება ახალი ნაგავმზიდების შეძენა.
შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპმა“ 48 ერთეული ნაგავმზიდი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა. პროცესი გრძელდება, მომდევნო თვეების განმავლობაში ტექნიკა ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში.

ავტომობილები დამზადებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, აღჭურვილია ევრო 5 ემისსის სტანდარტის ძრავებით. ნაგავმზიდები არის სხვადასხვა წარმადობისა და სხვადასხვა რელიეფისთვის განკუთვნილი, მათ შორის აღსანიშნავია მძიმე პირობებისთვის გათვლილი 4X4 -ზე ავტომობილები, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიანი რეგიონებისთვის, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აუცილებელია მსგავსი ტიპის სატვირთო ავტომობილების გამოყენება, რათა მათ ყველა სეზონსა და ყველა კლიმატურ პირობებშიც შეძლონ ოპერირება.