დღის ამბებისაზოგადოებასამართალი

„განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა სუვერენიტეტი.

” სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავაზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმე“) რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ „ბორდერიზაციის“ ფონზე მიმდინარეობს.

ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა სუვერენიტეტი, რამდენადაც სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს განუყოფელ ნაწილად არის აღიარებული და უკანონოა „ბორდერიზაციის“ პროცესი. შესაბამისად, უკანონოდ და ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოქმედი დე ფაქტო ორგანოების მხრიდან დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „ბორდერიზაციის“ პირობებში განგრძობითად და სისტემურად ირღვევა შემდეგი უფლებები: სიცოცხლის უფლება, წამების/არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება უკანონო დაკავებების/პატიმრობის კონტექსტში, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, საკუთრებისა და განათლების უფლებები და მიმოსვლის თავისუფლება.
კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით:

რუსეთის მიერ სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) დარღვევას წარმოადგენს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ ეთნიკური ქართველების მკვლელობა, ისევე როგორც მათი გარდაცვალება მაშინ, როდესაც ისინი საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთას და ალტერნატიული გზებით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას აპირებდნენ პენსიის თუ მედიკამენტების მიღების მიზნით;
საოკუპაციო ხაზზე დაკავებული ეთნიკური ქართველების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და პირობები წარმოადგენს წამების/არასთანადო მოპყრობის აკრძალვის (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი) დარღვევას;
საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის გამო ეთნიკური ქართველების ნებისმიერი დაკავება/პატიმრობა ავტომატურად არღვევს ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას;
მავთულხლართების გაბმითა და „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად ეთნიკურ ქართველებს ეზღუდებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების, საკუთარ სახლებზე, მიწებზე, სხვა საკუთრებასა და საფლავებზე წვდომა, რითაც განგრძობითად ირღვევა პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი), საკუთრების უფლება (ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი) და მიმოსვლის თავისუფლება (ევროპული კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართულ ენაზე სწავლის აკრძალვით ირღვევა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გარანტირებული მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აგრეთვე, მკაფიოდ აღინიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართული ენა არის მშობლიური ენა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სრულიად საქართველოს ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას და მტკიცებულებების შეგროვების ეტაპზე აქტიური ჩართულობისთვის კიდევ ერთხელ მადლობას უხდის სახელმწიფო უწყებებს, განსაკუთრებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close