” ალბათ, ჯერ კიდევ გუშინ დილით უნდა დავმჯდარიყავი და დამეწერა, მომეთხრო ამბავი
გოგოზე, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
გოგოზე, რომელმაც მსოფლმხედველობა შემიცვალა.
გოგოზე, რომელმაც სამყარო სხვა თვალით დამანახა”,- ამბობს ჩვენთან საუბარში ინგა ლოლაძე, რომელიც 15 წლის დაუნის სინდრომის მქონე, ნინოს დედაა.
ნინო თბილისში ცხოვრობს, დედასთან დასთან ერთად, უყვარს წიგნების კითხვა, სეირნობა და ყველაზე მეტად მეგობრებთან ურთიერთობა.
როგორც ინგა “მთავარ ამბებთან” აღნიშნავს, ნინო დაბადებიდან გასაოცრად აქტიური ბავშვი იყო და უამრავი მითი დაამსხვრია.
“ყოველდღიურად იმსხვრეოდა მითები- ვერ გიცნობს, ვერ გაივლის, ვერ ილაპარაკებს….
მე კი არა, ბებოს ფეხის ხმასაც კი ცნობდა და გვიხაროდა,
ხუთი თვისამ იმდენი იკოტრიალა საწოლიდან გადმოვარდა და სიხარულით დავფრინავდით,
შვიდი თვის თავად ჭამდა საწოვარადან და ისევ გვიხაროდა,
მერე გვიხაროდა დედა რომ თქვა, მერე ანო, ბებო, მამა”,- აღნიშნავს ინგა.
ნინო პოლონეთში დაიბადა და პოლონურად თავისუფლად საუბრობს, ქართული 6 წლის შემდეგ ისწავლა და მესამე წელია ინგლისურს ეუფლება, თან საკმაოდ კარგად.
” ბაღში (პოლონეთში) ყველა ბავშვზე სწრაფად და კარგად ნინო სწავლობდა და იმახსოვრებდა საზეიმო ნომრებს, სახლში ყველაზე აქტიურად, ნინო იყო ჩართული საოჯახო აქტივობებში, ოჯახის ბავშვებიდან ყველაზე მეტად ნინოს უყვარდა სეირნობა, კინო, ცირკი,
ცურვა თავისით ისწავლა, დამოუკიდებლად,
პოლონურად დაბადებიდან საუბრობს, ქართული ექვსი წლის შემდეგ ისწავლა, მესამე წელია ინგლისური იცის (საკმაოდ კარგად, და ცდილობს, უფროს დასთან ერთად ესპანურს გაუმკლავდეს”,- აღნიშნავს ნინოს დედა.
” ყველა ჩვენი წარმატება დიდი ძალისხმევის შედეგი იყო, თუმცა იმდენად კარგი იყო ეს შედეგი, ოჯახის არცერთ წევრს აღარ გვქონდა (არც ახლა გვაქვს) განცდა, რომ ნინო დაუნის სინდრომის მქონე პატარა იყო
ადამიანის ამოცნობის საოცარი უნარი აქვს,
არ მახსოვს რამდენი წლის წინ დაიწყო საკუთარ თავზე ზრუნვა,
არც ის მახსოვს, რამდენი წელია, რაც ოჯახის წევრებზე ზრუნავს,
სიგჟემდე უყვარს ცეკვა და სიმღერა (ხმა აქვს ისეთი, წესით არ უნდა უყვარდეს,
იუმორის საოცარი გრძნობა აქვს
უმდიდრესი ლექსიკური მარაგის მქონეა,
იმდენად სხარტი აზროვნება აქვს, ხანდახან ვერ ვეწევი,
ძალიან ადვილად ითვისებს და სწავლობს იმას, რაც აინტერესებს,
ძააააალიან ჯიუტია.
უყვარს სამყარო
უყვარს სიყვარული
ასეთია ნინო “,- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ინგამ და ნინოს საყვარელი ფრაზით დაგვემშვიდობა -“უჰ, რა კარგია ცხოვრება”.