განათლებადღის ამბებისაზოგადოება

თელავის სალოტბარო სკოლას კეთილმოწყობილი სივრცე გადაეცა

სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თელავის სალოტბარო სკოლას ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე დაეთმო.

ახალი სამუშაო გარემო საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ პაატა გულიაშვილთან, სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესა და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასთან ერთად მოინახულა.

თეა წულუკიანი პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა, მოისმინა ახალგაზრდების მიერ შესრულებული მრავალხმიანობის საუკეთესო ნიმუშები, მიულოცა მათ ახალსახლობა და ახალ გარემოში წარმატებული და ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობა უსურვა.

შეხვედრის დასასრულს თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა ლოტბარებს – გოჩა და ბექა ბიძინაშვილებს, თელავის სალოტბარო სკოლის წარმომადგენლებს, ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის გაწეული შრომისთვის.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით საქართველოში დღეს 32 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც უსასყიდლოდ არის შესაძლებელი ქართული მრავალხმიანი სიმღერებისა და საკრავებზე დაკვრის შესწავლა. სალოტბარო სკოლების შექმნას ქართველმა მოღვაწემ, ანზორ ერქომაიშვილმა, ჩაუყარა საფუძველი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close