დღის ამბებიკულტურა

თეა წულუკიანი თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი განაგრძობს სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედ სამუსიკო სასწავლებლებში ვიზიტს

ამჯერად წულუკიანი თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორობის კანდიდატ- გიორგი ვაჩნაძესა და მის მეუღლესთან, პიანისტ კიომი სუგიმურასთან, ერთად ესტუმრა.

მინისტრმა შეხვედრისას სასწავლებლის დირექტორ ლელა ონიანსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადა თავდადებული შრომისთვის, მაღალი ხარისხის სასწავლო პროცესის წარმართვისა და სამუსიკო განათლების პრიორიტეტად ქცევისთვის, დღემდე გაწეული საქმიანობისთვის. მოსწავლეებს კი ნაყოფიერი გაკვეთილები და წარმატებები უსურვა შემოქმედებით საქმიანობაში.

შეხვედრისას თეა წულუკიანმა ისაუბრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და მის ახალ ხელმძღვანელთან სამუსიკო სასწავლებლების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობასა და უწყვეტი სამუსიკო განათლების აღდგენის შესაძლებლობებზე.

მნიშვნელოვანია, რომ 2021 წელს, კულტურის სამინისტროს კონკურსის – „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ – ფარგლებში სასწავლებელი 46090 ლარით დაფინანსდა, შეიძინეს: ერთი აკუსტიკური როიალი „Ritmuller GP160R1“, ერთი ციფრული ბლუთუზიანი პიანინო „Roland FP-30X“, ერთი აკუსტიკური პიანინო „Ritmuller UP110R2“, ოთხი ვიოლინო „GEWA VIOLIN VL1“.

ასევე, აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს პროექტის – „ახალგაზრდული ბანაკები“ – ფარგლებში შაორისა და ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკებში თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის ხუთი მოსწავლე იმყოფებოდა.

თელავის სამუსიკო სასწავლებელი დიდი ქართველი კომპოზიტორის, ლოტბარის, ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკის ფუძემდებლის ნიკო სულხანიშვილის სახელს ატარებს.

1932 წლის 12 ოქტომბერს თელავში გაიხსნა მუსიკალური ტექნიკუმი, რომელიც თავდაპირველად ერეკლე მეფისეულ სასახლეში განათავსეს. სხვადასხვა დროს სასწავლებელმა რამდენჯერმე შეიცვალა სტატუსი, ხოლო 2009 წლის 8 სექტემბერს სამუსიკო კოლეჯის ბაზაზე დაფუძნდა სსიპ თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი 11-წლიანი სწავლების უწყვეტი კურსით. ამჟამად სასწავლებელში ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო, ვოკალური, საგუნდო-სადირიჟორო, თეორიულ-საკომპოზიციო განყოფილებები.

საგულისხმოა, რომ თელავის სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის – ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, თურქეთში, კვიპროსზე, მალტასა და კანარის კუნძულებზე, სადაც არაერთი უმაღლესი ჯილდო აქვთ მოპოვებული. ასევე, სამუსიკო სასწავლებლის აღზრდილები წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სასწავლებელს აქვს მრავალმხრივი და საინტერესო ურთიერთობები მსოფლიოს გამოჩენილ მუსიკოს-შემსრულებლებთან, რომელთა კონცერტები და მასტერკლასები აქ ხშირად იმართება და სახელოვნებო ცხოვრებას გამორჩეულ ხიბლსა და ინტერესს სძენს; განსაკუთრებით აღსანიშნავია კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში, რომლის რეპეტიციებისა და მასტერკლასების ტრადიციული მასპინძელი თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close